ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ომის კანონები თანაბრად ვრცელდება ყველა მხარეზე“,- ამერიკელი დიპლომატი


ამერიკის წარმომადგენელი გლობალური სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების საკითხებში, ბეთ ვან შააკი ამბობს, რომ ომის კანონები თანაბრად ვრცელდება ომში მონაწილე ყველა სახელმწიფოზე და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა თავს ესხმის თუ იგერიებს შეტევას. თუმცა აქვე დიპლომატი განმარტავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი სხვაობაა, განსაკუთრებით ბრალდებებზე რეაგირების კუთხით.

„ჩვენ ვხედავთ მართლაც დიდ განსხვავებას, როდესაც საქმე ეხება ბრალდებებზე რაგირებას. რუსეთი აუცილებლად პასუხობს მას პროპაგანდით, უარყოფით, მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დეტალურად შეისწავლის საკითხს და გამოიძიებს მას“,- თქვა შააკმა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრის დროს.

ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უკრაინულ მხარეს მოუწოდა განაგრძოს გამოძიება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. რაც შეეხება რუსეთს, ბეთ ვან შააკი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დროს უამრავი ბრალდება არსებობს, რომელიც ომის დანაშაულებზე მიუთითებს.

„არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ რუსულ აგრესიას თან ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იმყოფებოდნენ“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა და განმარტა, რომ ომის დანაშაულია ისიც, როცა „მიზანმიმართული, განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები ხორციელდება მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე". იქნება ეს სკოლების, საბავშვო ბაღების, თავშესაფრების თუ საცხოვრებელი სახლების დაბომბვა, ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის, როგორიცაა - წყალმომარაგების სისტემები თუ ელექტროობიექტები.

რაც შეეხება თავად კრემლის ბრალდებას, მოსკოვი კიევს რუსი ტყვეების მკვლელობაში ადანაშაულებს. ბრალდებები მას შემდეგ გაისმა, რაც 18 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს, შესაძლო დანაშაული რუსი ტყვეების წინააღმდეგ უკრაინელი სამხედროების მხრიდან. თუმცა ამ დრომდე ვიდეოს ნამდვილობა დადასტურებული არ არის.

კიევმა გამოძიება დაიწყო და ამბობს, რომ საქმეს დეტალურად შეისწავლის. პროცესში ჩაერთო უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. ის განმარტავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის მომხდარს, რომელიც უკრაინაში სავარაუდოდ 12 ნოემბერს ლუჰანსკის რაიონის სოფელ მაიკიევკაში მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG