ამერიკის შტატ კოლორადოში გეი-კლუბში მომხდარ მასობრივ მკვლელობას 5 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა, ბევრად მეტი კი დაჭრილია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 22 წლის ანდერსონ ლი ალდრიჩია, ის დაკავებულია და თავადაც იღებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
სამართალდამცავების თქმით, სროლის პროცესში თავდამსხმელის განეიტრალება ბარის ერთ-ერთმა სტუმარმა მოახერხა. მან ალდრიჩს იარაღი წაართვა, დაარტყა, და რამდენიმე წუთის განმავლობაში, პოლიციის მოსვლამდე გაკავებული ჰყავდა.
ეს სტუმარი ერთ-ერთია სულ მცირე ორ ადამიანს შორის, ვისას პოლიცია მადლობას უხდის იმისთვის, რომ სროლას მეტი მსხვერპლი არ მოჰყვა. შაბათ ღამით სროლა ერთ-ერთ უსაფრთხო და მშვიდ უბანში მოხდა, ბარში, რომელსაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები ასევე მშვიდ და საიმედო ადგილად მიიჩნევდნენ ქალაქში, რომელიც მეტად კონსერვატიულადაა განწყობილი.
სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელს AR-15 ტიპის ნახევრად-ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. თუმცა ასევე აღმოჩენილია სხვა იარაღიც და დამატებითი ამუნიცია. ოფიციალური პირები ჯერჯერობით გამოძიების სხვა დეტალებს საჯაროდ არ ახმოვანებენ.
"კლუბი Q" მადლობას უხდის "ფეისბუქის" გვერდზე თავის სტუმრებს გმირული, სწრაფი რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ მათ შეძლეს სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი თავდასხმის აღკვეთა". გამომძიებლები თავდასხმის მოტივს ჯერ კიდევ ადგენენ და ჯერ არაა ცნობილი, იქნება თუ არა ბრალი წაყენებული სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი მუხლებით. თუმცა სავარაუდოდ, თავდამსხმელს ბრალს პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდებენ.
მედიაში ვრცელდება ცნობები იმის თაობაზეც, რომ 2021 წელს ალდრიჩს იარაღთან დაკავშირებული ინციდენტი უკვე ჰქონდა: დედამისმა პოლიციას აცნობა, რომ ის მას ხელნაკეთი ბომბითა და სხვა იარაღით ემუქრებოდა. მაშინ ალდრიჩი დააკავეს კიდეც. იარაღის თაობაზე მეტი კონტროლის მომხრე აქტივისტები ამბობენ, რომ გასარკვევია, რატომ არ ამოქმედდა კოლორადოს შტატის შესაბამისი რეგულაცია და რატომ არ ჩამოართვეს მას მაშინვე იარაღი, რომლის შესახებაც მისივე დედა საუბრობდა.