ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც სულ მცირე 162 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია ასობით ადამიანი, დანგრეულია სახლები და შენობები.
გადაუდებელი დახმარების სამსახურების თანამშრომლებს დაშავებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა ჰოსპიტლების გარეთაც უწევთ, კლინიკების მანქანების სადგომზე, ქუჩებსა და ტერასებზე. სიანჯურის რეგიონი დედაქალაქიდან 3 საათის სამანქანო გზაზე მდებარეობს. გადარჩენილები ყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები შენობიდან გამოსვლას ვერ ასწრებდნენ.
მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. შიშისა და საფრთხის გამო, პანიკა იყო ჯაკარტის შემოგარენშიც, არაერთი მაღალსართულიანი შენობა მოქალაქეებმა დატოვეს.
შესაბამისი სამსახურების ცნობით, დაშავებულია ასობით ადამიანი, 5 000-ზე მეტი კი ევაკუირებულია. ათობით ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ. დაზიანებულ შენობებს შორისაა ისლამური სკოლა, ჰოსპიტალი და საჯარო დაწესებულებები.
ინდონეზიელმა სეისმოლოგებმა ამ მიწისძვრის შემდეგ სულ მცირე 25 მცირე რყევა დააფიქსირეს.
ქვეყნისთვის, სადაც 270 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, მიწისძვრა უცხო არაა. რეგიონში ხშირია ვულკანური წარმოშობის ამოფრქვევები თუ ცუნამები. ამ ტერიტორიას "ვულკანების თაღსაც"უწოდებენ. ძლიერი მიწისძვრა იყო 2021 წლის იანვარშიც. 2004 წელს კი მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა რამდენიმე ქვეყანაში, ყველაზე მეტად კი ინდონეზიაში, 230 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.