მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი "ტვიტერი" მილიარდერმა ილონ მასკმა შეისყიდა, ეტაპობრივად ქსელში ბრუნდება გვერდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით წლების განმავლობაში დაბლოკილი იყო. მილიარდერი ამბობს, რომ "ტვიტერზე" სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს.
მასკი "ტვიტერით" დაინტერესების შემდეგ აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპის გვერდი აღდგებოდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე, მასკმა საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, უნდა აღდგენილიყო თუ არა ყოფილი პრეზიდენტის გვერდი "ტვიტერზე".
გამოკითხვაში 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 51%-ის აზრით გვერდი უნდა აღდგენილიყო. შედეგებიდან გამომდინარე, მოგვიანებით მილიარდერმა დაწერა, რომ საზოგადოება ტრამპის "ტვიტერზე" დაბრუნებას მხარს უჭერდა, სწორედ ამიტომ ტრამპის ანგარიში 682 დღის შემდეგ აღდგა.
ანალიტიკოსების ნაწილი გამოკითხვის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ მასკის სოციალურ ქსელში მოსვლის შემდეგ, "ტვიტერს" თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ, შესაბამისად, მასზე კონტროლიც ნაკლებია და არ არის გამორიცხული, გამოკითხვაში ე.წ. ბოტები მონაწილეობდნენ.
ტრამპის გვერდს "ტვიტერზე" 87 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის აქტიურად იყენებდა ამ პლატფორმას.
დღეს დონალდ ტრამპს საკუთარი სოციალური ქსელი "თრუს"(ქართულად სიმართლეს ნიშნავს) აქვს სადაც ის მხარდამჭერებთან კომუნიკაციას აგრძელებს. გვერდი აღდგა, თუმცა გამოიყენებს თუ არა აქტიურად დონალდ ტრამპი საკუთარ ანგარიშს "ტვიტერზე" უცნობია. ყოფილ პრეზიდენტს ამ დრომდე ახალი პოსტი არ გამოუქვეყნებია და ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა იქ აღარც დაბრუნდეს.
ბოლო პოსტი ამერიკის 45-ე პრეზიდენტს 2021 წლის 8 იანვარს აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ამბობს, რომ არ დაესწრება ინაუგურაციას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს უნდა გამართულიყო.
"ტვიტერმა" დონალდ ტრამპს მაშინ ანგარიში მას შემდეგ გაუუქმა, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმს დაესხნენ თავს. თავად პრეზიდენტი კი "ტვიტერზე" ავრცელებდა კომენტარებს, რომ ასიათასობით ხმა იყო გაყალბებული და არჩევნების შედეგებს ნდობას არ უცხადებდა. მეტიც, ის ხშირად იყენებდა სიტყვას "თაღლითობა".
დონალდ ტრამპს პოზიცია არც ამ დროისთვის შეუცვლია. ის ახლა მესამე წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაშია ჩართული. მაშინ როცა მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თქვა, რომ არ ენდობა 2020 წლის არჩევნების შედეგებს.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა. ტრამპმა ვაშინგტონი 20 იანვარს გამთენიისას დატოვა, სანამ პრეზიდენტის ფიცს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო.
Facebook Forum