ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დღეს უკრაინის ცის დაცვა ნიშნავს ნატოს ცის დაცვას" - კულება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური პასუხი, "მკაცრი და პრინციპული" უნდა იყოს. "ტვიტერზე" გავრცელებული განცხადებით, დმიტრო კულება ეხმაურება ცნობას, რომლის მიხედვით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კულება აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, საგანგებო სამიტი უნდა მოიწვიოს, რომელსაც უკრაინა დაესწრება.

"დაუყოვნებლივ ქმედებებს შორის: ნატოს სამიტი უკრაინის მონაწილეობით, შემდგომი ერთობილივი მოქმედებების განსახორციელებლად, რათა უკრაინას მიეცეს თანამედროვე თვითმფრინავები, როგორიცაა F-15 და F-16, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც აიძულებს რუსეთს, შეცვალოს ესკალაციისკენ მიმართული კურსი. დღეს უკრაინის ცის დაცვა ნიშნავს ნატოს ცის დაცვას" - აცხადებს კულება.

კულებამ სოლიდარობა გამოუცხადა პოლონეთს და მისი თქმით, კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, "უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა".

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.

პენტაგონი და თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ აქვთ გავრცელებული ცნობების დასადასტურებლად საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, შეშფოტებას გამოთქვამენ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“

განცხადებაში ნათქვამია: „არანაირი დარტყმა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტზე, რუსული გამანადგურებელი საშუალებით არ განხორციელებულა.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნამსხვრევებს „რუსულ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

XS
SM
MD
LG