ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი პოლონეთში რაკეტების ჩამოგდებას უარყოფს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. სამინისტრომ განცხადება "ტელეგრამზე" გაავრცელა. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“

განცხადებაში ნათქვამია: „არანაირი დარტყმა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტზე, რუსული გამანადგურებელი საშუალებით არ განხორციელებულა.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნამსხვრევებს „რუსულ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

პენტაგონი და თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ აქვთ გავრცელებული ცნობების დასადასტურებლად საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.

მედიის ინფორმაციით რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. "რადიო Zet”- ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაკეტები ხორბლის საცავს დაეცა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. რადიოს ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე პოლონური ჯარი, პოლიცია და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან. უცნობია რაკეტა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუ ის უკრაინის ჩამოგდების შემდეგ მოხვდა პოლონურ მხარეს. მედიის ცნობებით, რაკეტის სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო.

პოლონეთის მთავრობის სპიკერი, პიოტრ მიულერი ამბობს, რომ ამ წუთებში პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები „კრიზისული ვითარებას“ განიხილავენ. ის მედიას მოუწოდებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. ოფიციალურ ვარშავას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა უკვე მოიწვიეს უშიშროების საბჭოს სხდომა, "კრიზისული სიტუაციის" განსახილველად.

პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი იქნება დაცული. ვარშავას შეუძლია, ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად, ალიანსის სხდომა მოითხოვოს.

მომხდარს გამოეხმაურნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც და აღნიშნა, რომ ეს ვითარების "საშიში ესკალაციაა".

„ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის დარტყმა არის კრემლის მხრიდან [ვითარების] ძალიან საშიში ესკალაცია. ლატვია სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე პოლონეთს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რასაც პოლონეთი მიიჩნევს შესაბამისად. რუსეთი ყველა შედეგზე სრულად აგებს პასუხს“, - აცხადებს ედგარს რინკევიჩი.

განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ურმას რეინსალუმ თქვა, რომ ესტონეთი ნატოს თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

"უკანასკნელი ცნობები პოლონეთიდან ყველაზე შემაშფოთებელია. ჩვენ ვმართავთ კონსულტაციებს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს", - თქვა მან.

პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმაც. ინგრიდა შიმონიტემ "ტვიტერზე" დაწერა: "ყურადღებით ვაკვირდები ძალიან შემაშფოთებელ ცნობებს პოლონეთიდან. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს პოლონეთთან და ყველა ჩვენს მოკავშირესთან. ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს და უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს".

დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

XS
SM
MD
LG