დიდი ოცეულის შეხვედრის ფარგლებში „ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქცია, უკრაინაში რუსეთის ომის საკითხზე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერ ჯონ კირბის ესაუბრა. კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანია უკრაინის პოზიციები გააძლიეროს, იმ დროისთვის როცა მოლაპარაკებები შედგება.
ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინის ქმედებების დაგმობის კუთხით ფართო საერთაშორისო თანხმობა არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც თავს იკავებს და ერთი ასეთი ჩინეთია. კირბიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და რუსეთზე წნეხი გააძლიეროს. მან თავი შეიკავა გამოეთქვა მოსაზრება, დიდი ოცეულის საბოლოო ერთობლივ განცხადებაში ეს პოზიცია თუ აისახება, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობები მიმდინარეობდა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კირბიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დამთავრება დღესვე შესაძლებელია თუ პუტინი ჯარს უკან გაიყვანს და უკრაინიდან გავა. თუმცა მისი თქმით პუტინს მშვიდობისადმი სწრაფვა არ უჩვენებია და ომის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს.
კირბის თქმით, აშშ აკეთებს ყველაფერს რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები და იარაღი, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, რაც პრეზიდენტ ზელენსკის მისცემს საშუალებას მოლაპარაკებების მაგიდასთან უპირატესობა ჰქონდეს.
„დღეს [ზელენსკიმ დიდი ოცეულის სამიტზე] თქვა, რომ გაეროს ქარტიის შესაბამისად სამართლიანი მშვიდობის მიღწევა სურს. მასზეა დამოკიდებული განსაზღვროს, თუ როგორ გამოიყურება და როგორ ვადებში მოხდება ეს. ჩვენ რეალურად ამის მიღწევას ვცდილობთ", - განაცხადა მან.
კირბიმ აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა რა უკარნახებს პუტინს ომის დასრულებას, ან განაპირობებს მოლაპარაკების მაგიდასთან მის დაჯდომას. პუტინის ნაბიჯები - მობილიზაცია, ირანისგან დრონების და ჩრდილოეთ კორეისგან საარტილერიო საბრძოლო მასალის პოტენციური შეძენა იმაზე მიანიშნებს, რომ მას ომის გაგრძელება სურს, - აღნიშნა მან.
"ჩვენ გვსურს დიპლომატიური მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმება, რომელშიც წარმატებისთვის პრეზიდენტ ზელენსკის საჭირო ბერკეტები ექნება", - თქვა კირბიმ.
ომის შემდგომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში უკრაინის თავდაცვის საჭიროებების შესახებ უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.