ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდებას განიხილავს


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 20 აპრილი, 2023 წ.
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 20 აპრილი, 2023 წ.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი იმის დემონსტრაციაა, რომ ნატო ქვეყანას გვერდში უნდა ედგეს და მას დახმარება გაუგზავნოს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნული განცხადება დღეს, 15 ივნისს, ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებთან, ნატოს მთავარი ოფისიდან გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინამ კონტრიერიში წარმატებით დაიწყო და რთული ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ოკუპაციისგან თავისი მიწების ნაწილი გაათავისუფლა. "ეს უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის, მხნეობის, უნარების ხარჯზე მოხდა, თუმცა ეს ასევე უსვამს ხაზს და წარმოაჩენს იმას, რომ ნატოს მოკავშირეების მიერ ბევრი, ბევრი თვის მანძილზე გაწეული დახმარება საბრძოლო ველზე ცვლილებებს იწვევს" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ თუკი მოკავშირეებს უკრაინაში ხანგამძლე მშვიდობის მიღწევა სურთ, მათ კიევს მეტი სამხედრო დახმარება უნდა მიაწოდონ. სტოლტენბერგის თქმით, რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინა ამ ეტაპზე, მით მეტი წნეხი ექნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ის უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ამავე დროს, უკრაინაც სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უფრო ძლიერად წარსდგება.

შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი უკრაინის დახმარების ინიციატივა, სახელად "უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი", დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე შეიკრიბა. მათ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უკრაინის სამხედრო დახმარება განიხილეს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინაში ბრძოლა "მარათონია და არა სპრინტი". მან ვაშინგტონის სახელით პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის "სასწრაფო შესაძლებლობების მიწოდებას, რათა ის ამ მომენტს მომზადებული შეხვდეს და ასევე გრძელვადიანად ჰქონდეს რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საშუალება".

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება, რაც ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთის საჰაერო იერიშებისგან დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. "კრემლის იმპერიულმა ამბიციებმა უკრაინელ ხალხს წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა. ამის მიუხედავად, უკრაინელები აგრძელებენ ჩვენს შთაგონებას საკუთარი გამძლეობით, სიმამაცით და ქვეყნის თავისუფლების და უსაფრთხოების მიმართ ურყევი ერთგულებით" - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ნორვეგიამ და დანიამ თქვეს, რომ კიევს დამატებით ათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდიან. ნორვეგია აცხადებს, რომ ახლა უკრაინას ყველაზე სასწრაფოდ საარტილერიო ამუნიცია ესაჭიროება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG