რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 ივნისს თქვა, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რისი მიღწევა სურთ მათ უკრაინაში. შემდეგ კი იქვე დააყოლა, რომ ახლა მის წინაშე ერთადერთი კითხვა დგას, რომელზე პასუხიც მხოლოდ მას შეუძლია გასცეს: უნდა სცადოს თუ არა რუსეთმა კიევის ხელმეორედ აღება?
მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში რუსეთის ჯარები გააგზავნა, 15 თვეზე მეტი გავიდა. რუსეთმა კიევს ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში შეუტია და ქალაქის შემოგარენის ნაწილს აკონტროლებდა კიდეც. თუმცა, უკრაინამ ქალაქის მისადგომებთან რუსეთი დაამარცხა.
პუტინის განცხადება იყო პასუხი კითხვაზე, რომელიც მას მოსკოვში შეკრებილმა ომის მიმომხილველებმა დაუსვეს: მოსალოდნელი იყო თუ არა კიდევ ერთი სამხედრო მობილიზაცია. რუსეთის პრეზიდენტმა გასული წლის სექტემბერში 300 000 რეზერვისტის ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც ქვეყანა ბევრმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ზოგიერთი საჯარო ფიგურის მოსაზრებით, რუსეთს ერთიდან ორ მილიონამდე ადამიანის მობილიზება ესაჭიროება. თუმცა, მან თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება მოიშველია, რომელიც ახალი სამხედრო მობილიზაციის საჭიროებას ვერ ხედავს.
"უნდა დავბრუნდეთ იქ თუ არა? რატომ ვსვამ ამ რიტორიკულ კითხვას? ხომ ნათელია, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. მხოლოდ მე შემიძლია მას ვუპასუხო" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა თითქმის მიაღწია "მთელ ნოვოროსიას". პუტინი სავარაუდოდ გულისხმობს რუსეთის მიერ კონტროლირებული სუვერენული უკრაინის ტერიტორიებს: დონეცკის რაიონის მნიშვნელოვან ნაწილს, აზოვის ზღვაზე გასასვლელს, მარიუპოლის პორტს და დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ლუჰანსკის რაიონს.
Facebook Forum