ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვაგნერის ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ ბახმუტში ერთი სოფელი აიღო


მთელი ზამთრის განმავლობაში კრემლი ცდილობს აიღოს უკრაინული ქალაქი ბახმუტი, თუმცა რეგიონს ამ დრომდე მაინც უკრაინული ჯარი აკონტროლებს. ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად დაქირავებული მერბძოლებიც არიან ჩართულები, მათ შორისაა ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის ჯგუფი“

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლის თავზე, „ვაგნერის ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ ისინი ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ და კონტროლი მოიპოვეს სოფელ ბერხივკაზე. ეს არის პატარა სოფელი ბახმუტის გარეუბანში.

„ბერხივკა სრულად ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სოფელს ვაგნერის კერძო სამხედროები აკონტრლებენ,“- წერს ევგენი პრიგოჟინი.

სოფელი რომელზეც პრიგოჟინი საუბრობს, ბახმუტში ფრონტის ხაზიდაინ 3 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 240-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

დასავლეთში სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბახმუტი არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილი. ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტშიც. "ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქციის ჟურნალისტ, იულია იარმოლენკოსთან საუბრის დროს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთი "პრობლემებს ადამიანებს სწირავს".

„დიდი შეტევა, რომელზეც ყველა საუბრობს, ვფიქრობ, რომ უკვე მიმდინარეობს და ის არც ისე თანმიმდევრული და ეფექტურია. რასაც რუსეთი აკეთებს არის ის, რომ პრობლემას ბევრ ადამიანს სწირავენ. ჩვენ ამას ვეძახით კონფლიქტის „ბახმუტიზაციას“, სადაც ისინი ფაქტიურად ყოველდღე ასობით სიცოცხლეს კარგავენ, რათა გააკონტროლონ ტერიტორია, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის,“ - ამბობს "ამერიკის ხმის" უკრაინის რედაქციასთან საუბრის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი.

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასთაბიანი ომის ახალი „დიდი შეტევა“ უკვე მიმდინარეობს, თუმცა შეძლებს თუ არა რუსეთი წარმატების მიღწევას ეს ბუნდოვანია.

„ვერ ვხედავ რუსების მიერ ფართომასშტაბიან შეტევაში წარმატების შესაძლებლობას მომდევნო თვეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ისინი გააგრძელებენ პრობლემებისთვის ადამიანების შეწირვას,“- ამბობს კალი.

მაშინ როცა დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთის ახალი შეტევა „არათანმიმდევრულია“, კრემლი საპირისპიროს ამტკიცებს. მოსკოვი განმარტავს, რომ ბრძოლები ფრონტის ხაზზე წარმატებით მიმდიანრეობს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეცოპერაციას,“- ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი და აქვე განმარტავს, რომ დონეცკის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა „ყოვლისმომცველი“ საცეცხლე იერიშები მიიტანეს უკრაინულ პოზიციებზე.

დასავლეთში კი იმედს გამოთქვამენ, რომ გაზაფხულიდან უკრაინა ფრონტის ხაზზე დინამიკას შეცვლის.

„ მთავარი ის კი არ არის, რომ უკრაინელებმა რუსებს ბრძოლის იგივე ფორმით უპასუხონ. არამედ იბრძოლონ განსხვავებულად და შეცვალონ დინამიკა ფრონტის ხაზზე. მე ვფიქრობ მათ ამაში დაეხმარებათ ჯავშანტრანსპორტიორები, რომელზეც ახლა ბევრი ჩვენგანია ორიენტირებული,“- ამბობს „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბრის დროს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე.

ბახმუტისთვის ბრძოლას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ბრძოლები ადგილზე ჯერ ისევ გრძელდება. უკრაინა აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. პრიგოჟინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დროისთვის სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG