მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დავით აღმაშენებლის მიერ აგებული - უმშვენიერესი გელათის ტაძარი, სპეციალისტების შეფასებით, 2015-2022 წლებში, არასწორად და სამსახურებრივი გულგრილობით ჩატარებული სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად, შეუქცევადად და სამუდამოდ კარგავს უნიკალურ მხატვრობას.
„ის, რაც დაიკარგა ანუ დანაკარგები გვაქვს მხატვრობის, რასაკვირველია, იმის აღდგენა შეუძლებელია. ის დაიკარგა საბოლოოდ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებადმცოდნე მაკა ბულიამ.
„ის რაც დაიკარგა, იმის აღდგენა შეუძლებელია. ის დაიკარგა საბოლოოდ“მაკა ბულია, ჩუბინაშვილის ცენტრი
იმ ფაქტს, რომ გელათის ტაძარი შეუქცევადად ზიანდება და მოზაიკა-მხატვრობა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ნელ-ნელა ქრება, ადასტურებს 2021, 2022 და 2023 წლებში მომზადებული ყველა დასკვნა, როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების, რომელიც კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ დაუკვეთა, ისე ჩუბინაშვილის ცენტრის და "იუნესკოს" მისიის მიერ მომზადებული ანგარიშები.
"იუნესკოს" მისიის ბოლო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გელათში „არც ერთი ხარაჩო არ არსებობდა აფსიდის კამარებსა და გუმბათზე არსებული მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის შესაფასებლად“, ანუ კედლის მხატვრობის დაზიანების სრული მასშტაბი, ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.
„მარტო მხატვრობაც ხომ არ არის, ეს მუდმივი ნესტი, მუდმივი დაზიანება, ქვასაც აზიანებს და საბოლოო ჯამში, სტუქტურაც დაზიანდება აუცილებლად, ანუ ტაძრის სხეულის სტრუქტურა მთლიანად, ისიც დაზიანდება“ - ასეთ მძიმე პროგნოზს აკეთებს ჩუბინაშვილის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
გელათის, როგორც უნიკალური საგანძურის დაზიანების გამო, ამ დრომდე, არ დასჯილა არცერთი პასუხისმგებელი პირი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამი წლის წინანდელი მიმართვის მიუხედავად, რომ "იუნესკოს" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი სამონასტრო კომპლექსის დაზიანება-განადგურების ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო, პროკურატურამ ეს საქმე "აიცილა" და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაულოცა.
2016 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე, სახელწიფოსთან ერთად ჩუმად იყო საპატრიარქოც. მიუხედავად, იმისა რომ 2022 წლის მაისში, გელათის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, მისივე დაკვეთილი კომპეტენტური დასკვნა უკვე ხელში ეჭირა, საპატრიარქომ იტალიურ-ქართული საკონსერვაციო ჯგუფის მიერ არასწორად წარმოებული სამუშაოების შეწყვეტა, კულტურის მინისტრს მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში მოსთხოვა.
"ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან, გელათზე დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით"საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 15.02.2023
„ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა!“ - საპატრიაქროს ხმა მკვეთრად 2023 წლის თებერვალში გაისმა, როცა "იუნესკოს" მისიის ახალი დასკვნა გასაჯაროვდა.
საპატრიარქომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გელათი 2015 წლიდან დაზიანდა და არა 2008 წლიდან, როგორც ამას მინისტრი წულუკიანი მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ამტკიცებს.
„საბოლოო ჯამში, (გელათის) მოცემულ მდგომარეობაზე თანაბრად არის სახელმწიფო და საპატრიარქო პასუხისმგებელი“ - მიაჩნია გერმანიაში მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორს მირიან გამრეკელაშვილს.
მისი თქმით, „აქ საკითხი სხვაგვარად დგას, თუ დაზიანდება კულტურული ძეგლი, ამ შემთხვევაში, გელათი, რას დაკარგავს მთავრობა? სავარაუდოდ, წააგებს არჩევნებს, ესეც, შეიძლება არა. ალბათ, (დაკარგავს) მხარდამჭერი ადამიანების ნაწილს.
მაგრამ, გელათი რომ ჩამოინგრეს, ეს იქნება პატრიარქის ამდენი ხნის კარიერაში, იგივე მოსაყრდის სასულიერო მოღვაწეობის კარიერაში - უპატიებელი შეცდომა! ეს შევა ისტორიულ მეხსიერებაში, რომ მიუხედავად „დიდი საქმეებისა“, პატრიარქის დროს დაიკარგა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მოსაყდრეს კი დაეკარგება თეორიული შანსიც კი რომ გახდეს მომავალი პატრიარქი“ - ასე ხსნის თეოლოგი მირიამ გამრეკელაშვილი საპატრიარქოს „გამოღვიძებას“.
გელათი რომ ჩამოინგრეს, ეს იქნება პატრიარქის ამდენი ხნის კარიერაში, უპატიებელი შეცდომა! ეს შევა ისტორიულ მეხსიერებაში, რომ პატრიარქის დროს დაიკარგა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მოსაყდრეს კი დაეკარგება თეორიული შანსიც კი რომ გახდეს მომავალი პატრიარქი. თუ წულუკიანი აღიარებს, რომ გელათი რესტავრირების დროს, კი არ შეკეთდა, არამედ დაზიანდა, მაშინ ის უნდა გადადგეს. ამიტომ ის წელავს ამ პროცესს და მართლაც ცდილობს (წმინდა სინოდში) მხარდაჭერა მოიპოვოს"მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი
კულტურის მინისტრი წულუკიანი, რომელიც პოზიციების დასაცავად, ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებით, "იუნესკოს" დასკვნის „არსებითად არასწორ ინტერპრეტირებაზეც“ კი წავიდა, როგორც ჩანს, კვლავ იმედოვნებდა, საპატრიარქოს „შიგნით“, წმინდა სინოდის ზოგიერთი წევრის მხარდაჭერას.
წულუკიანი ცდილობდა იგივე აბბა ალავერდელის, ქუთათელ-გაენათელის, ვანისა და ბაღდათის, გორისა და ატენის მიტროპოლიტების მიმხრობას, ვინც მთავრობასთან ფინანსურად თუ სხვადასხვა ბიზნეს პროექტებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუმცა, თეოლოგების აზრით, მოცემულ მომენტში ეს „წყლის ნაყვას“ ჰგავს.
„თუ მინისტრი წულუკიანი აღიარებს, რომ გელათი რესტავრირების დროს, კი არ შეკეთდა, არამედ დაზიანდა, მაშინ ის უნდა გადადგეს. ეს არის ლოგიკა. ამიტომ ის წელავს ამ პროცესს და მართლაც ცდილობს (წმინდა სინოდში) სხვების მხარდაჭერა მოიპოვოს, თუმცა, ეს არის წყლის ნაყვა“ - მიაჩნია მირიან გამრეკელაშვილს.
თეოლოგი ამბობს, რომ საპატრიაქოს მხრიდან უცხოელი ექსპერტების მოწვევა და გელათის მდგომარეობის შესახებ დასკვნის შეკვეთა მოდის "ცენტრალური ხაზიდან". "მოცემულ მომენტში, ეს არის მოსაყდრე შიო, ცენტრი და ალავერდელი თუ დაუპირისპირდება ერთმანეთს, ყოველთვის ცენტრი გაიმარჯვებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ბოლოს და ბოლოს ალავერდელს გადააყენებენ დაკავებული თანამდებობიდან და თუ რაღაცაა ეპარქიას შეუცვლიან, რა პრობლემაა? არანაირი“ - უთხრა "ამერიკის ხმას" გამრეკელაშვილმა.
მინისტრმა წულუკიანმა "იუნესკოს" ბოლო ანგარიშის გაცნობის შემდეგ თქვა, რომ მისია ჩვენს (კულტურის სამინისტროს) მიერ, გელათისთვის დათმობილი ფინანსური რესურსს, ექსპერტიზას და ჩვენი მიზანმიმართულობას, ვციტირებ, პრობლემების გადასაჭრელად, უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარებით, აფასებს ძალზე დადებითად.
„იუნესკოს მისია ამბობს, რომ ჩვენს მიერ გელათისთვის დათმობილი ფინანსური რესურსი, ექსპერტიზა და მიზანმიმართულობა, ვციტირებ, პრობლემების გადასაჭრელად, უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარებით, არის ძალზე დადებითი“.თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი
წულუკიანის სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა საპატრიაქოს მკვეთრი პასუხი - „საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით" - განაცხადა საქართველოს საპატრიარქომ.
კულტურის მინისტრმა იუნესკოს დასკვნა გელათის მდგომარეობის შესახებ, 8 თებერვალს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროა. ღარიბაშვილს ამ დრომდე გელათზე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ამ შეხვედრის სტენოგრამაში, მხოლოდ ის ეწერა, რომ „გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება“.
ნიშანდობლივია, რომ 8 თებერვალსვე, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება!“
საპატრიარქოს 15 თებერვლის მძაფრი პასუხის შემდეგ კი კულტურის მინისტრმა პაუზა აიღო. შეხვედრა მინისტრსა და საპატრიარქოს შორის ჯერ 17 თებერვალს ჩაინიშნა, შემდეგ 24 თებერვლისთვის გადაიდო. ამ დროისთვის, ბოლომდე ნათელი არ არის, რა და როგორ შეიძლება „დათმოს“ წულუკიანმა რომ თანამდებობა და მისი გუნდი გადაარჩინოს?; აქვს თუ არა წულუკიანს „ქართული ოცნების“ შიგნით ისევ მხარდაჭერა და რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს, საპატრიარქო?
„გამოსავალი არის უკვე შეჩერებული სამუშაოების არგანახლება ამ ჯგუფთან ერთად, ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს რასაკვირველია. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა შეიცვალოს მართვის მოდელი"
წულუკიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თავად და მისი გუნდი, 2015-2020 წლებში, გელათზე ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხს არ აგებს, თუმცა, ბოლო ანგარიშებში, უკვე საუბარია, რომ ტაძარი 2021-22 წლების, არასწორი კონსერვაციის დროსაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
“გელათის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციის შედეგები სავალალოდ და უკიდურესად შემაშფოთებლად უნდა შეფასდეს” – ვკითხულობთ ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშში.
„გამოსავალი არის უკვე შეჩერებული სამუშაოების არგანახლება ამ ჯგუფთან ერთად, ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს რასაკვირველია. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა შეიცვალოს მართვის მოდელი. მართვის ამჟამინდელი მოდელი დამყარებულია მკაცრ ვერტიკალზე, მთელ პროცესს ერთპიროვნულად მართავს მინისტრი, ასეთი მოდელით გელათის პრობლემების მართვა წარმოუდგენელია“ - გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.
სანამ გელათის გარშემო, პოლიტიკურ-პარტიულ-საეკლესიო დრამა ვითარდება, ქართული საზოგადოება კი მოვლენებს პარტერიდან ადევნებს თვალს, სპეციალისტების შეფასებით, მთლიანად სველი (ექსპერტების აზრით, ტაძრის გაშრობას 5 წელი დასჭირდება) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობა დღითი-დღე უფრო მძიმდება. ამას ხელს უწყობს იმერეთში მკაცრი და თოვლიანი ზამთარიც.
შესაბამისად, დღეს ვერავინ ამბობს, რა მდგომარეობაში დახვდება გელათი, უკვე სხვა სარესტავრაციო-საკონსერვაციო ჯგუფს, თუ კი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, კულტურის მინისტრი წულუკიანი, პატრიარქი ილია მეორე, პატრიარქის მოსაყდრე შიო და მთლიანად საპატრიარქო ძეგლის „გადარჩენის“ „ახალ გეგმაზე“ შეთანხმდებიან.