კიევში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება, ნატოს მოკავშირეების შეხვედრაზე. გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, კიევისადმი მოკავშირეების „ურყევი“ მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„ერთი წლის წინ მსოფლიო ელოდა რომ კიევი დაეცემოდა... შემიძლია ვთქვა, რომ კიევი დგას მტიცედ, ამაყად და რაც მთავარია თავისუფალია,“- თქვა ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლის დროს.
ამერიკის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ერთი წლის წინ პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა.
„ერთი წლის წინ როცა პრეზიდენტმა პუტინმა თავისი ტანკები უკრაინაში გაგზავნა, იფიქრა, რომ ჩვენ დაგვყოფდა - ის შეცდა,“- ამბობს ბაიდენი.
რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის დამარცხებას, - თქვა ბაიდენმა მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი “ახალ სტარტში“ მონაწილეობას აჩერებს და კვლავ ბირთვული იარაღით დაიმუქრა.
ჯო ბაიდენი გამოსვლის დროს პუტინის განცხადებას არ გამოხმაურებია, თუმცა მას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა პუტინის განცხადებას „სამწუხარო“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კი თქვა, რომ პუტინის განცხადების შემდეგ მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა და კრემლს მოუწოდა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ.
ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრამდე, ამერიკის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. პრეზიდენტებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
უკრიანაში მიმდინარე ომი, პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხია რადგან, ვარშავას უკრაინასთან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს. პოლონეთი ასევე მასპინძლობს ყველაზე მეტ ლტოლვილს უკრაინიდან და ერთგვარი სატრანზიტო დერეფანია, დასავლელ მოკავშირეებსა და უკრაინას შორის, იარაღის დროული მიწოდების საქმეში.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტი აჩვენებს, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოების ერთგული რჩება. დუდამ დასძინა, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი „წამოუდგენლად მნიშვნელოვანია“.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი მზად არის დაიცვას ნატოს თითოეული სანტიმეტრი.
Facebook Forum