ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანი და ბაქო სამშვიდობო შეთანხმებისკენ პროგრესს აღწევენ


სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ორმხრივი „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელშეკრულებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შუამდგომლობით შედგა.

„ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ პროცესის დაწყება, მოვამზადოთ შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულება და განვიხილოთ ამგვარი შეთანხმების ყველა აუცილებელი ელემენტი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შარლ მიშელმა.

6 აპრილს, მხარეებს შორის სამმხრივი შეხვედრა, ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

“დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ პროგრესს მივაღწიეთ” - განაცხადა მიშელმა.

ბაქოს სურს, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხუთ ელემენტს დაეფუძნოს. მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერევნისთვის ეს დებულება მისაღებია, რამაც სომხეთში ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია - მათ ფაშინიანი დაადანაშაულეს მზადყოფნაში, ეღიარებინა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ერევანი აზერბაიჯანულ მხარესთან მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხს დააყენებდა. თუმცა, ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შესახებ სომხეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეს საკითხი ნახსენები არ არის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადევით, სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აპრილის ბოლომდე, საზღვრის დელიმიტაციის, ასევე მის გასწვრივ და მახლობლად, "უსაფრთხოების სტაბილური სიტუაციის უზრუნველსაყოფად“ ორმხრივი კომისია შექმნან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG