უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ტვიტერის“ გვერდზე საკთარი გამარჯვება უკვე გამოაცხადა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა დამარცხება აღიარა.
უნგრეთის 3 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ორბანის პარტია უნგრეთის პარლამენტში მანდატების ორ მესამედს, 135 ადგილს მიიღებს, ოპოზიციური ალიანსი „უნგრეთი ყველასათვის“, რომელმაც ხმების 35% მიიღო - 56 ადგილს. 7 მანდატი რადიკალურ მემარჯვენე პარტია „ჩვენ სახლს“ ექნება.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერი პიტერ მარკი-ზაი, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს ორბანის პარტიის, „ფიდესის“ გამარჯვებას, არჩევნებს არადემოკრატიულად მიიჩნევს და მმართველი პარტიის გამარჯვებას, მედიაზე მის დომინანტურ როლსა და „პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას“ მიაწერს.
ვიქტორ ორბანს ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის ბოლო წლებში დამყარებული მჭიდრო კავშირებისა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებებისადმი მისი პოზიციის გამო აკრიტიკებენ. 26 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთისადმი ნავთობისა და გაზის ემბარგოს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მოთხოვნები სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს და უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე.
ზელენსკის თქმით, ორბანი, ალბათ, ერთადერთია ევროპაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის აგრესიას.
"თუ ეს ომია, მე მას ომს ვუწოდებ და არა "სპეციალურ ოპერაციას". თუ ეს მთელი ევროპისთვის საფრთხეა, მაშინ მე მას მთელი ევროპისთვის საფრთხეს ვუწოდებ. ამას ჰქვია პატიოსნება, რაც ბატონ ორბანს აკლია. შესაძლოა, მან ის სადღაც მოსკოვთან კონტაქტებში დაკარგა“, თქვა ზელენსკიმ.
ორბანმა არჩევნების შემდეგ მხარდამჭერებთან მიმართვისას განაცხადა, რომ ზელენსკი თავისი ოპონენტების სიაში შეიყვანა ამერიკელ ფინანსისტთან, „აღორძინების“ ფონდის დამფუძნებელთან ჯორჯ სოროსთან და „ბრიუსელის ბიუროკრატებთან“ ერთად.
„ჩვენ ეს გამარჯვება მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, რადგან უამრავ ოპონენტთან მოგვიწია ბრძოლა: ადგილობრივ მემარცხენეებთან, საერთაშორისო მემარცხენე ფრთასთან, ბრიუსელის ბიუროკრატებთან, სოროსის იმპერიის ფულთან და ინსტიტუტებთან, საერთაშორისო მედიასა და ასევე უკრაინის პრეზიდენტთან. ერთდროულად ამდენი მოწინააღმდეგე ჩვენ არასოდეს გვყოლია" - განაცხადა ორბანმა.