ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევებების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების შენარჩუნება სურს.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და იტალიამ, ბოლო დღეებში რუსი დიპლომატების დიდი რაოდენობა გააძევეს.
ეს ქმედება დაემთხვა ევროპაში იმ განრისხებას, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი სამარხების აღმოჩენის და სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ეს ფაქტები გამჟღავნდა რუსული ძალების უკანდახევის შემდეგ, რომელიც უკრაინაში - როგორც მოსკოვი უწოდებს - „სპეციალურ ოპერაციას“ ატარებდა.
გრუშკომ, რომელმაც პირობა დადო, რომ გაძევებებზე საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებების შეფასებას ახდენდა.
გრუშკომ თქვა, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსი დიპლომატების მუშაობას შლიან, საკუთარ ინტერესებს აზიანებენ და გააფრთხილა, რომ რუსეთის კალინინგრადის (კენიგსბერგი) წინააღმდეგ, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის სოლივითაა ჩაჭედილი, არაფერი მოიმოქმედონ.
სააგენტო „ტასს“-მა გრუშკოს ციტირება მოახდინა: „ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ევროპაში საღი აზრი, კალინინგრადის გარშემო ნებისმიერი თამაშების დაწყებას არ დაუშვებს. ვფიქრობ, ბევრს ესმის, რომ ეს ცეცხლთან თამაში იქნება.“
გრუშკომ ასევე თქვა, რომ რუსეთს „ნატოსთან კონტაქტი არ აქვს“ და მასთან განსახილველი არაფერი აქვს.