კრემლი აცხადებს, რომ ამ თვის დასაწყისში, ვაშინგტონის მიერ გაეროში 12 რუსი წარმომადგენლის გაძევების საპასუხოდ, ამერიკელი დიპლომატების გარკვეულ რაოდენობას აძევებს.
„23 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულ [მაღალი რანგის დიპლომატს] გადაეცა ამერიკელი დიპლომატების სია, რომლებიც „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა დაზუსტებული არ არის, თუ ეს ბრძანება რამდენ ადამიანს შეეხო.
28 თებერვალს, ვაშინგტონმა გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს, შპიონაჟში ჩართული „დაზვერვის საიდუმლო აგენტობის“ ბრალი წაუყენა და შეერთებული შტატების დატოვება უბრძანა.
გაეროში შეერთებული შტატების მისიის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება უბრძანეს, „შეერთებულ შტატებში ცხოვრების პრივილეგია ბოროტად გამოიყენეს, ჩაერთვნენ რა საჯაშუშო საქმიანობაში, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა.“
მისიამ განაცხადა, რომ გაძევებების საქმე „რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა" და თანხვედრაში იყო შეთანხმებასთან, რომელიც შეერთებულ შტატებს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, გაეროსთან აქვს.
დიპლომატიური ნაბიჯები იდგმება იმ დროს, როდესაც დაძაბულობის დონე მაღალია და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ფიქრობენ.