ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ მოსკოვის დემარშის პასუხად, რუსი დიპლომატი გააძევა


გასულ კვირაში მოსკოვის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, გერმანიამ რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 თებერვლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რუსეთმა ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატი გააძევა, მათ შორის, ერთი გერმანიის საელჩოდან. ასეთი გადაწყვეტილება არანაირად გამართლებული არ აიყო.”

გერმანიამ ეს ნაბიჯი გადადგა, როდესაც კრემლი აგრძელებდა 5 თებერვალს მიღებული საკუთარი გადაწყვეტილების მართლებას, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს დიპლომატი ქვეყნიდან გაეძევებინა. კრემლმა დიპლომატებს ბრალი დასდო, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის დროს, ციხეში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის, პოლონეთის და გერმანიის დიპლომატები “პერსონა ნონ გრატად”, 23 იანვარს მომხდარ საპროტესტო გამოსვლაში, სავარაუდო, მონაწილეობის გამო გამოაცხადა. ამ ქვეყნების მთავრობები, დემონსტრაციებში დიპლომატების მონაწილეობის ფაქტს უარყოფენ.

განცხადება გაკეთდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს, სადაც ევროკავშირის დიპლომატს შეხვედრების დაძაბული დღე ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელმაც ევროკავშირს “არასაიმედო პარტნიორი” უწოდა.

თავად ბორელმა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ბლოგზე დაწერა: “აგრესიულად წარმართული პრეს-კონფერენციები და ჩემი ვიზიტის დროს ევროკავშირის სამი დიპლომატის გაძევება მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდეს.”

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ბორელის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ “ვერ განსჯის თუ ასეთი შეფასება რას შეიძლებოდა გამოიწვია.”

ნავალნი 17 იანვარს დააპატიმრეს, როდესაც გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვული აგენტით მოწამვლის გამო მკურნალობდა. 2 თებერვალს სასამართლომ მას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამართული პროტესტების დროს მოსკოვში 1400 ადამიანი დააკავეს. 23 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, რუსეთის ასზე მეტ ქალაქში პოლიციამ 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG