ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით მიემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორელი რუსეთის ოფიციალურ პირებთან საუბარს ოპოზოციონერ ნავალნის დაკავების საქმეზე აპირებს. განხილვის თემა იქნება, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მოსახლეობის მასობრივი დაკავებაც.
2017 წლის შემდეგ, ეს ბორელის პირველი ვიზიტია მოსკოვში. ის აპირებს, რომ კრემლს ევროკავშირისგან „ცხადი გზავნილი“ გადასცეს, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ნავალნის აეროპორტში დაკავების შემდეგ, ევროკავშირი კრემლს მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინა ოპოზიციონერი. მოწოდება რუსეთმა არ მიიღო და ნავალნის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. პირობითი მსჯავრის დარღვევის ბრალდებით, ნავალნი ციხეში 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს. სასჯელი მას იმის ფონზე შეუმსუბუქდა, რომ წინა წელს, ამავე ბრალით, სასჯელის გარკვეული ნაწილი მას უკვე მოხდილი აქვს.
კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააკეთოს ყველაფერი ბრიუსელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ კრემლი „არ არის მზად მოისმინოს რჩევები“ ნავალნის შესახებ.
კრემლში კომენტარი ნავალნის მხარდამჭერების მასობრივ დაკავებაზეც გააკეთეს. ისინი უარყოფენ სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე რეპრესიის ბრალდებას და ამბობენ, რომ პოლიციას მოსახლეობის დაკავება მოუწია, ვინაიდან ისინი კანონს არღვევდნენ. მოსკოვში, ალექსეი ნავალნის ათასობით მხარდამჭერია დაკავებული.
Facebook Forum