მას შემდეგ რაც შვედეთში ყურანის დაწვის შემთხვევებმა იმატა, ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ საფრთხეების რისკიც გაიზარდა. ამ ფონზე კი ქვეყნის პოლიციის უფლებამოსილებები გაიზარდა და გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი.
მთავრობის ახალი დადგენილება აგვისტოდან ამოქმედდა და ის როგორც საზღვარზე, ასევე - ქვეყნის შიგნით დამატებითი კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას ითვალისწინებს. იქნება ეს მეთვალყურეობა, ელექტრონული მოწყობილობებით თუ საეჭვო პირების ჩხრეკა. ამგვარი ზომები გამოყენებული იქნება საზვრების კვთისასაც და ქვეყნის შიდა ტერიტორიაზეც.
ასევე ნახეთ: თურქეთი შვედეთს მოუწოდებს ტერორიზმს აქტიურად ებრძოლოსშვედეთის იუსტიციის მინისტრს, გუნარ სტრომერს, მიაჩნია, რომ საზღვრის კონტროლის გამკაცრება სამართალდამცავებს მისცემს მეტ საშუალებას გამოავლინონ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყანას.
გასული კვირების განმავლობაში შვედეთსა და დანიაში აქციების სერია გაიმართა, სადაც დემონსტრანტბმა ყურანი არაერთხელ დაწვეს. ამ ქმედებამ კი მუსლიმურ ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვია. მუსლიმბი შვედეთისა და დანიის მთავრობების მხრიდან მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ, რათა დამნაშავე პირები დაისაჯონ და შეწყდეს ყურანის დაწვა.
შვედეთსა და დანიაში ამბობენ, რომ ისინი ცდილობენ იპოვონ კანონიერი გზა, როგორ შეზღუდონ ყურანის დაწვა ქვეყანაში კანონიერად იმისთვის, რომ დაძაბულობა შემცირდეს და არც გამოხატვის თავისუფლება დაირღვეს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესების უკან გარე ძალები იდგნენ, მაგალითად რუსეთი რომელსაც შესაძლოა სურდეს ხელი შეუშალოს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.
„ეს შეიძლება იყოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების თავიდან აცილების მცდლობაც“, - ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსენი და განმარტავს, რომ სიტუაცია არის „საშიში“ და „რთული".
Your browser doesn’t support HTML5
გასული თვეების განმავლობაში ყურანის დაწვა ერთ-ერთი ის მიზეზი იყო, რომლის გამო თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა. ამ მიზეზით ფინეთისა და შვედეთის გზები გაიყო. ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში კი ანკარამ თქვა, რომ შემოდგომამდე ვითარებას დააკვირდება. თურქეთი მიიჩნევს, რომ მზად არის შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს, თუმცა უნდა შემცირდეს შვედეთში ყურანის დაწვის ფაქტები.
ვილნიუსის სამიტის შემდეგ შვედეთში მნიშვნელოვნად იმატა ყურანის დაწვის შემთხვევებმა, თუმცა მთავრობა ცდილობს ყველა ფაქტზე რეაგირება მოახდინოს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობითა და პატივისცემით გამოიყენონ.
ასევე ნახეთ: ნატოს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის მთავარი აქცენტებიშვედეთში მუშაობენ კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც პოლიციას მისცემს უფლებას, აღკვეთოს ყურანის დაწვა საჯაროდ, თუ ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მზარდ საფრთხეებზე საუბრობენ დანიაშიც. ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ განვითარებული პროცესები საფრთხის შემცველია და აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება.