ზურაბ ხოზრევანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის სასაფლაოზე შარშან დაკრძალეს. საფლავის ქვაზე ხოზრევანიძე რუსეთის არმიის საჰაერო-სადესანტო ძალების ფორმით არის გამოსახული. როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ამ დროისთვის, ეს ერთადერთი დადასტურებული შემთხვევაა, როცა უკრაინაში მოკლული რუსეთის არმიის ჯარისკაცი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
15 წელზე მეტი ცხოვრობდა რუსეთში, რუსეთის მოქალაქე იყო და იქაურ სამხედროში მსახურობდა. კიდე რა გაინტერესებთ, რას ეძიებთ, რა გინდათ...ჯემალ ხოზრევანიძე
რუსული წყაროებით დასტურდება, რომ 31 წლის ხოზრევანიძე უკრაინაში შეჭრის დროს დაიღუპა, თუმცა სად და რა ვითარებაში უცნობია. “ძალიან გვაკლიხარ ძმაო, დაიღუპა თანამებრძოლის შველის დროს“ - წერს ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე, სავარაუდოდ, ხოზრევანიძის თანამებრძოლი ევგენი ნოვიკოვი.
„15 წელზე მეტი ცხოვრობდა რუსეთში, რუსეთის მოქალაქე იყო და იქაურ სამხედროში მსახურობდა. კიდე რა გაინტერესებთ, რას ეძიებთ, რა გინდათ...“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გარდაცვლილის მამამ ჯემალ ხოზრევანიძემ. თავიდან მან ინტერვიუზე კატეგორიული უარი გვითხრა. შემდეგ, შემოგვითვალა რომ მზად იყო ესაუბრა, თუმცა, პირველივე კითხვის დროს ტელეფონი გათიშა.
სოფელ ჯიხანჯურში ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. სასაფლაოზე, სადაც ხოზრევანიძე დაკრძალეს, აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მეორე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი ვაჟა შაინიძეა დაკრძალული. რუსეთთან 2008 წლის ომში, დაბა ოჩხამურის თემიდან, სადაც ჯიხანჯურიც შედის, ვაჟა შაინიძის გარდა, გმირულად კაპრალები ამირან და გიორგი შაინიძეებიც დაიღუპნენ.
ზურაბ ხოზრევანიძის გარდა, „ამერიკის ხმამ“ უკრაინაში დაღუპული კიდევ 35 ქართული გვარის მქონე ჯარისკაცი და მოხალისე აღმოაჩინა. მათ შორის, როგორც გავარკვიეთ, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ხოზრევანიძეს ჰქონდა.
ეს სია, არასრულია და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ რუსეთის არმიაში ქართული გვარის მქონე დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყოს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს.
ის თავის თავს რუსეთის შვილად აღიქვამს და უკრაინაც მისთვის ისეთივე მტერია, როგორც ნებისმიერი სხვა რუსისთვისანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
ასეთი სახის ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება „რუსეთის შეირაღებული ძალების დისკრედიტაციად“ მიიჩნევა და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აგრესორის სამხედრო დანაკარგებს უკრაინაში რამდენიმე გამოცემა ღია წყაროებზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად აღრიცხავს.
„ისინი (რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები ან წარმოშობით ქართველები) იმდენად არიან ინტეგრირებული რუსეთის საზოგადოებაში, თავს უკვე რუსეთის მოქალაქეებად აღიქვამენ და ვალდებულნი არიან შეასრულონ იქაური კანონმდებლობა.
შეიძლება, ერთი-ორი არის იქ ვიღაც (საქართველოს მოქალაქე), მაგრამ ბირთვში ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. თუ, მათ არ აქვთ რუსეთის, კრემლის მიმართ სრული ლოიალობა, მაშინ ისინი იქ ვერ გაჩერდებიან - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ, რომელიც წლების მანძილზე დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
მისი თქმით, „რუსეთის მოქალაქეზე იმხელა იდეოლოგიური პრესია, რომ ყველა ვერ უძლებს ამას. მერე, ომში ახლა თავისი ნებით არავინ არ მიდის, არავის არ უხარია, მაგრამ ხო, ის თავის თავს იმ ქვეყნის (რუსეთის) შვილად აღიქვამს, შეიძლება ხაჭაპური ან ხარჩო უყვარს ქართული, მაგრამ ღირებულებებით ის იქ არის და უკრაინაც მისთვის ისეთივე მტერია, როგორც ნებისმიერი სხვა რუსისთვის“.
მინახავს სიები, რუსეთის არმიის და „ვაგნერის“.. იქ არაერთი ქართული გვარი იყო, აბულაძე, ბარბაქაძე, გელაშვილი, ხაჩიძე, ხარჩილავა, ივანაშვილი, აკოფაშვილი, კენკიშვილი..
უკრაინაში ქართული გვარის მქონე დაღუპულთა სიაში, შვიდი - რუსეთის არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა. ექვს-ექვსი - „ვაგნერელი“ (მათ შორის, გიორგი აბდულაშვილი, იგი სამჯერ იყო ნასამართლევი და ომში გასაგზავნად ციხიდან გამოიყვანეს) და მობილიზებულ-მოხალისეა. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებიდან - 3 პირია; თითო - სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, როსგვარდიიდან და მილიციიდან;
„მინახავს სიები, რუსეთის არმიის და „ვაგნერის“ სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის, რომელიც ჩვენს დაზვერვას ჩაუვარდა ხელში, იქ არაერთი ქართული გვარი იყო, აბულაძე, ბარბაქაძე, გელაშვილი, ხაჩიძე, ხარჩილავა, ივანაშვილი, აკოფაშვილი, კენკიშვილი, კოტორაშვილი, ბერძენიშვილი, ქავთარაძე, ბოჭორიშვილი, ხევსურიანი...“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგიმ ს-მ (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში საქართველოდან მოხალისედ იბრძვის.
გიორგი ამბობს, რომ პირადად უკრაინაში, ბრძოლის ველზე, რუსების მხარეს მებრძოლი წარმოშობით ან გვარით ქართველი არ შეხვედრია, თუმცა იცის, რომ ასეთები არც თუ ისე ცოტაა.
არის კიდევ ერთი კატეგორია, პრორუსების, იგივე გივი ვანიშვილი, რომელიც 2008 წელს ღალატისთვის იჯდა და 2012 წელს, ამნისტიით გამოუშვეს, გორიდან შეუერთდა რუსეთის არმიას
„რუსეთის ჯარში ქართული გვარის მქონეები რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. ისინი ვინც, საბჭოთა პერიოდიდან ან სსრკ-ის დაშლის მერე, რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არც ქართული იციან და არც შეხება აქვთ საქართველოსთან, უბრალოდ მამის გვარს ატარებენ და რუსები არიან, ასეთები საკმაოდ ბევრია.
მეორე კატეგორიაა, ჩვენი კონფლიქტების და ეკონომიკური გაჭირვების დროს წასული ხალხი, ეთნიკური ქართველები ან შერეული ოჯახები, რომლებსაც შვილები იქ შეეძინათ, რუსეთის მოქალაქეები არიან დაბადებიდანვე და პუტინის ამ მხეცური იდეოლოგიით აღიზარდნენ.
მესამე კატეგორია, რომლებმაც ქართული იციან, შეიძლება ცუდად, მაგრამ ახსოვთ, მშობელი ან ოჯახის წევრი საქართველოშიც ჰყავთ.
და, არის კიდევ ერთი კატეგორია, პრორუსების, იგივე გივი ვანიშვილი, რომელიც 2008 წელს, ღალატისთვის იჯდა და 2012 წელს, ამნისტიით გამოუშვეს, გორიდან შეუერთდა რუსეთის არმიას და რუსები ამას პროპაგანდისთვის მშვენივრად იყენებენ.
ყველა ეს კატეგორია, ქართული გვარით ჩემთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსი. ამათმა უკრაინაში მოაწყვეს ბუჩას, ირპენის, იზიუმის და სხვა შემზარავი სასაკლაოები, ზუსტად ისე, როგორც მანამდე მოგვიწყვეს ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, თამარაშენში, ქურთაში“ - გვეუბნება გიორგი, რომელიც მტერს ამჟამად ზაპოროჟიის მიმართულებაზე ებრძვის.
ჩემთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსი. ამათმა უკრაინაში მოაწყვეს ბუჩას, ირპენის, იზიუმის სასაკლაოები, როგორც მანამდე მოგვიწყვეს ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და ცხინვალში
რუსეთის მხარეს მებრძოლ დაღუპულთა შორის არის კიდევ ერთი კატეგორია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, ქართული ან ქართული დაბოლოების გვარებით, რომლებიც თავს აფხაზებად (მათი დიდი ნაწილი მოხალისეთა დაჯგუფება „პიატნაშკაში“ იბრძოდა) და მეგრელებად მიიჩნევდნენ (ჭყონია, ბებია, კირკინაძე, ტაბაღუა, ბახტაძე).
რამინ ბახტაძე ოკუპირებული გალის რაიონში დაიბადა და 11 წლამდე სოფელ პირველ ოტობაიაში იზრდებოდა. შემდეგ დედასთან ერთად, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ვაგნერში“ მოხალისედა ჩაეწერა და უკრაინაში, 2022 წლის 31 დეკემბერს მოკლეს.
„ის ყოველთვის ამბობდა, რომ მეგრელი ვარ და არა ქართველიო“ - ამბობს მამამისი, რომელიც ისევ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის სოფელ პირველ ოტობაიაში ცხოვრობს.
სიაში არიან ეთნიკური ოსებიც, ქართული გვარებით (ქენქაძე, მუზაშვილი, გაზაშვილი, გოლოშვილი, გონოშვილი, ზაგაშვილი). მათი უმრავლესობა დაჯგუფება „შტორმი-ოსეთში“ და რუსეთის 58-ე არმიაში იბრძოდა, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს.
რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმიის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, ზაპოროჟიის ფრონტზე, „შტორმი-ოსეთმა“ კოლოსალური დანაკარგები განიცადა. 2022 წლის თებერვლიდან კი უკრაინაში, რუსეთის დროშის ქვეშ, სულ მცირე, 400-ზე მეტი ეთნიკური ოსი დაიღუპა.
არის უკმაყოფილება, მაგრამ ძირითადად, ვინც იღუპება ცხინვალიდან და სოხუმიდან, ყველა მოხალისეა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა, მოგუდული უკმაყოფილება იგრძნობა - სად იღუპებიან ჩვენი შვილები, ამას ჯერ დიდი პროტესტი არ გამოუწვევია.პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ როგორც ვლადიკავკაზში, ისე ცხინვალსა და სოხუმში, არის უკმაყოფილება უკრაინის ომში დაღუპულების გამო, მაგრამ ეს ჯერ სერიოზულ პროტესტში არ გადაზრდილა.
„არის შინაგანი უკმაყოფილება, მაგრამ ძირითადად, ვინც იღუპება ცხინვალიდან და სოხუმიდან ყველა მოხალისეა, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან. ცხინვალიდან მაინც ბევრი მსახურობდა ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის არმიის სხვადასხვა ნაწილებში და ვალდებულებები ჰქონდათ. ამიტომ, მე ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა საჯარო დონეზე, მაგრამ შიდა, მოგუდული უკმაყოფილება საზოგადოებაში იგრძნობა, რომ სად იღუპებიან ჩვენი შვილები, ეს არის, მაგრამ ამას ჯერ დიდი პროტესტი არ გამოუწვევია“ - გვითხრა ზაქარეიშვილმა.
ქართული გვარის რუსეთის მოქალაქეები, უკრაინაში ტყვედაც ჩავარდნენ. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, წელს, ივნისის დასაწყისში მოხდა. რუსეთის მოქალაქე ნოდარ ბახტურიძე ბახმუტთან უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.
სიღნაღში, ნუკრიანში მცხოვრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ბახტურიძე 30 წელი რუსეთში, ციმბირში ცხოვრობდა, სადაც 2017 წელს, მკვლელობისთვის გაასამართლეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ტყვედ ჩაბარების შემდეგ, ბახტურიძე ირწმუნება, რომ „ვაგნერს“ რუსული ციხიდან თავის დასაღწევად შეუერთდა და როგორც კი პირველი შანსი მიეცა, იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა.
უკრაინაში დაღუპული რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი ქართული გვარის მქონე პირები (2022-2023)
ვიტალი მელიქიძე, 33 წლის, „ვაგნერი“, 22.07.2023
ავთანდილ ლობჟანიძე, 55 წლის, „ვაგნერი“, 17.07.2023
გიორგი აბდულაშვილი, 33 წლის, „ვაგნერი“, 27.06.2023
საკო ქენქაძე, 35 წლის, „შტორმი-ოსეთი“, 16.06.2023
რომან ხოჯაშვილი, [ასაკი უცნობია], მოხალისე, 05.06.2023
ოლეგ ბებია, [ასაკი უცნობია], „პიატნაშკა“, 16.05.2023
სერგეი თხელიძე, 28 წლის, მოხალისე, 05.05.2023
დაურ ჭყონია, 35 წლის, „პიატნაშკა“, [ზუსტი თარიღი უცნობია].05.2023
არტურ მუზაშვილი, 26 წლის, მოხალისე, 06.04.2023
ოლეგ ბერიშვილი, 45 წლის, მოხალისე, 28.03.2023
გიორგი გაზაშვილი, 38 წლის, „შტორმი-ოსეთი“, 09.02.2023
დიმიტრი მულაძე, 45 წლის, „ვაგნერი“, 06.02.2023
დავით გეუნაშვილი, 22 წლის, მობილიზებული, 01.02.2023
ვეფხია გოლოშვილი, [ასაკი უცნობია], შტორმი-ოსეთი“, 31.01.2023
ალექსი ბექაური, 31 წლის, არმია, კონტრაქტით, 13.01.2023
ალექსანდრე ბეგლარაშვილი, 38 წლის, მობილიზებული, 04.01.2023
რამინ ბახტაძე, 49 წლის, „ვაგნერი“, 31.12.2022
ბესლან ტაბაღუა, 24 წლის, არმია, კონტრაქტით, 01.12.2022
ვასილ საკანელაშვილი, 34 წლის, „ვაგნერი“, 30.11.2022
რუსლან ქორთიაშვილი, 38 წლის, მობილიზებული, 27.11.2022
გოდერძი ნარიმანიშვილი 21 წლის, მობილიზებული, 08.11.2022
რამაზ გორგაძე, 25 წლის, მობილიზებული, 02.11.2022
ზურაბ ხოზრევანიძე, 31 წლის, საჰაერო-სადესანტო ჯარები, 17.10.2022
არტურ კირკინაძე, 31 წლის, „პიატნაშკა“, 08.09.2022
მაჰომედ ბორჩაშვილი, 42 წლის, ჩეჩნეთის მილიცია, 27.07.2022
ალექსანდრე გაგლოშვილი, [ასაკი უცნობია], არმია, კონტრაქტით, 25.07.2022
რაფაელ ქიტესაშვილი, 22 წლის, არმია, კონტრაქტით, 06.07.2022
ალექსანდრე ბედაიძე, [ასაკი უცნობია], საჰაერო-სადესანტო ჯარები [ზუსტი თარიღი უცნობია].2022
რომან გონოშვილი, 32 წლის, არმია, კონტრაქტით, 17.05.2022
ავთანდილ საკანელაშვილი 51 წლის, სამხედრო-საზღვაო ძალები, 02.05.2022
ზურაბ აბელაშვილი, 45 წლის, მობილიზებული, 09.04.2022
ვახტანგ ზაგაშვილი, 36 წლის, არმია, კონტრაქტით, 02.04.2022
ახრა კირკინაძე, 36 წლის, „პიატნაშკა“ 31.03.2022
ანდრეი ახლოური, 23 წლის, არმია, კონტრაქტით, 20.03.2022
ოლეგ ბედოშვილი, [ასაკი უცნობია], საჰაერო-სადესანტო ჯარები, 12.02.2022
რობერტ ბერიკიშვილი, 22 წლის, როსგვარდია, 11.03.2022