1 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა უნგრეთის მოქალაქეებს ახალი სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის მიზეზად სახელდება უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ვაშინგტონის შეშფოთება, იმ მილიონამდე უცხოელის გამო, რომელთაც ბუდაპეშტმა ბოლო წლებში მოქალაქეობა სათანადო შემოწმების პროცესის გავლის გარეშე მიანიჭა. ინფორმაციას ადასტურებს შეერთებული შტატების საელჩო უნგრეთში და ასევე ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი.
შეზღუდვებს შორის სახელდება უვიზო რეჟიმის გაუქმება, რომელიც 40 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში საქმიანი ან ტურისტული ვიზიტისთვის ჩასვლის უფლებას ვიზის გარეშე აძლევდა. მათ შეერთებულ შტატებში 90 დღემდე ყოფნის უფლება ჰქონდათ. ამ 40 სახელმწიფოს შორის აქამდე უნგრეთიც იყო.
ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები უკვე წლებია უნგრეთის მთავრობასთან უსაფრთხოების ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს, თუმცა - უშედეგოდ. მან მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
ამერიკის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, უნგრეთმა ასობით ათასი პასპორტი გასცა ისე, რომ ბუდაპეშტს იდენტობის დადგენის სათანადო პროცესები არ დაუცვია. ვაშინგტონში თვლიან, რომ უნგრეთის ახალ მოქალაქეებს შორის დამნაშავეებიც არიან, რომელთაც უნგრეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ - ამბობს მთავრობის წარმომადგენელი.
უნგრეთმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის პირობებში გაამარტივა მოქალაქეობის მიღების პროცესი და იოლად გადასცა ის ადამიანებს, რომლებიც უნგრეთში არ ცხოვრობდნენ და იქ გადასვლასაც კი არ გეგმავდნენ. მათ შორის, მოქალაქეობა მიიღო უნგრული წარმოშობის ასობით ათასმა რუმინელმა, სერბმა და უკრაინელმა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ამით მან არჩევნებში გამარჯვების საკუთარი შანსები გაამყარა.
Facebook Forum