ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ გასულ კვირაში აღმოსავლეთსა და სამხრეთში 15 კმ-ის გათავისუფლება შეძლო


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიისგან 15 კმ-მდე ტერიტორიის გათავისუფლება შეძლო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში წინსვლაა ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებით.

კიევის ძალებმა კონტრიერიშის ფარგლებში ივლისის განმავლობაში სულ სამხრეთის მიმართულებით 200 კმ-ზე მეტი ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხა. ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი "ტელეგრამის" არხზე წერს.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კონტრიერიში ნელი წარმატებით გრძელდება და აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებით მათ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს და წინ მიიწევენ.

გასულ კვირას კიევმა განაცხადა, რომ გაათავისუფლა სოფელი სტარომაიორსკი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მნიშვნელოვანია იმ სახმელეთო გზისკენ დასაწინაურებლად, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირეებს.

მალიარმა თქვა, რომ კიევის ძალები გასულ კვირაში ბახმუტის ფრონტზე 2კმ-ით დაწინაურდნენ, სულ კი 40-კმ-მდე ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.

რაც შეეხება სამხრეთს, უკრაინის ჯარი ცდილობს ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით დაწინაურებას, სადაც გასულ კვირას, 12.6 კმ-ის გათავისუფლება მოახერხა.

რუსული ძალები კი ერთი მხრივ უკრაინის სხვადასხვა ქალაქის დაბომბვას აგრძელებს, მეორე მხრივ კი ჩრდილოეთის ფრონტზე კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებას უტევს და უკრაინის ხაზის გარღვევას ცდილობს. თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მცდელობა ამ მხრივ წარუმატებელია. ჟურნალისტებს საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე უჭირთ.

კრემლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებელია და არ მიდის წინ ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

XS
SM
MD
LG