ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი თავდასხმა მოსკოვზე


მოსკოვის საქმიან ნაწილში, მაღალსართულიან შენობას, რომელშიც სამი სამინისტროა განთავსებული, ბოლო სამ დღეში, მეორე დრონი შეეჯახა. რუსეთი მომხდარს, უკრაინის მიერ, „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობას უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ მოსკოვი უფრო მეტ თავდასხმას და „მეტ ომს“ უნდა ელოდეს.

დაზიანებულ შენობაში, რომელიც “IQ Quarter”-ის სახელითაა ცნობილი, სამი უწყებაა განთავსებული: ეკონომიკის განვითარების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის და ციფრული სამინისტროები. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს შენობის შუშის ფასადის ნაწილი, რომელიც დარტყმის შედეგად დაზიანებულია.

"ამ დროისთვის, შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ექსპერტები ზარალს და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებენ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, დარია ლევჩენკომ Telegram-ზე. მისი თქმით, თანამშრომლები ვიდეოკონფერენციის გამოყენებით მუშაობდნენ.

მაისის შემდეგ, როცა დრონის კრემლის კომპლექსის ერთ-ერთი შენობის სახურავს დაეჯახა, მოსკოვზე ამგვარი რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტებს მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია, მომხდარმა რუსეთში საყოველთაო შფოთვა გამოიწვია და უხერხულად წარმოაჩენს კრემლის ნარატივს, რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„საფრთხე არსებობს, აშკარაა, მაგრამ ზომები მიიღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

უკრაინა თავდასხმების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა მათზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

„მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულ ომს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი X-ზე, ადრე „ტვიტერის“ სახელით ცნობილ სოციალური მედიის პლატფორმაზე.

მისი თქმით, რუსეთი უნდა ელოდოს „მეტ დაუდგენელ დრონებს, მეტ კოლაფსს, მეტ სამოქალაქო კონფლიქტს, მეტ ომს“.

XS
SM
MD
LG