რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა უკრაინის საზღვაო დრონების შეტევა მოიგერია. შეტევის სამიზნე, მისი თქმით, შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო გემები იყო.
კიევი უარყოფს, რომ ის რომელიმე სამოქალაქო გემს დაესხა თავს, თუმცა კონკრეტულად არ პასუხობს შეეკითხვას იმის თაობაზე, მიიტანა თუ არა იერიში სამხედრო ფლოტზე.
"გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა წარუმატებლად სცადეს თავს დასხმოდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემებს - სერგეი კოტოვსა და ვასილი ბუკოვს", - ვკითხულობთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვის მტკიცებით, ეს ორი გემი სევასტოპოლიდან 340 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით პატრულირებდა და ამ ფუნქციის გაგრძელებას განაგრძობს. მოგვიანებით, ყოველდღიური ბრიფინგისას სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო გემებიდან კიდევ სამი საზღვაო დრონი გაანადგურეს, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო გემები იყო.
"ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება ნახევრად წყალქვეშა ნავიდან რუსული სამოქალაქო სატრანსპორტო ხომალდების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით, ბოსფორის სრუტისკენ მიემართებოდნენ", - აცხადებს სამინისტრო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "როიტერთან" საუბარში ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები არ შეიცავს სიმართლის მარცვალსაც კი და უკრაინა არ დასხმია და არ აპირებს რომ თავს დაესხას სამოქალაქო ხომალდებს ან სხვა სამოქალაქო ობიექტებს.
შავ ზღვაში ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ კრემლი აცხადებდა, რომ უკრაინული პორტების მიმართულებით მოძრავ გემებს კიევისთვის იარაღი გადააქვს და რომ ეს გემები მოსკოვისთვის სამხედრო სამიზნედ განიხილება.