ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის მთავარი აქცენტები


დღეს, 11 ივლისს, ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტის პირველი დღე დასრულდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ლიეტუვაში, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. მთავარი თემები უკრაინის ომი და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაა.

ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში "წევრობის სამოქმედო გეგმის" - იგივე "მაპის" - გარეშე გაწევრიანდება. ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა მოკავშირეებმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელეს თუ როდის შეეძლება კიევს თავდაცვით ალიანსში გაწევრიანდება.

სამიტი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩრდილის ქვეშ მიმდინარეობდა. ბუქარესტის სამიტზე, ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებოდნენ, თუმცა მოკავშირეებმა მათ წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიანიჭეს.

სამიტამდე პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს ლიდერებს მოუწოდებდა ძალიან მკაფიოდ ეთქვათ, თუ ომის დასრულების შემდეგ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. უკარინამ ეს სიცხადე ვილნიუსის სამიტზე ვერ მიიღო.

ნატოს ამ გადაწყვეტილებას კიევის მხარიდან იმედგაცრუება მოჰყვა. ლიეტუვის დედაქალაქში სამიტის პარალელურად გამართულ აქციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა კი გააძლიერებს ნატოს“, - უთხრა მან ათასობით ადამიანს, რომლებიც ვილნიუსში ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. "„განა ბევრს ვითხოვთ?" - დასძინა მან.

ეს ნატოს მეოთხე სამიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. პირველი საგანგებო სამიტი ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, მომდევნო ორი კი ბრიუსელსა და მადრიდში.

სამიტამე აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნები კიევისთვის კონკრეტული გეგმის მიცემას ითხოვდნენ იმისთვის, თუ როგორ უნდა გახდეს უკრაინა ნატოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად. გერმანია და ამერიკა შიშობდნენ, რომ ეს ალიანსს რუსეთთან ომში ჩართვის რისკებს გაზრდიდა.

"უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ შეგვეძლება უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მივცეთ მაშინ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ ყველა პირობა დაკმაყოფილებულია", - ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც სამიტის პირველ დღეს გავრცელდა.

ნატოს ლიდერები უკრაინის წევრობის გარდა, ქვეყნისადმი უსაფრთხოების დახმარების თემასაც განიხილავენ. უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ გაგრძელდება სამხედრო და ფინანსური დახმარება, რათა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ომში თავის დაცვა განაგრძოს.

მთავარი აქცენტები

სამიტზე უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მათ შორის, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, ნატოს გაფართოება შვედეთის გაწევრიანებით და ასევე წევრების მიერ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გაღება.

სამიტზე მოკავშირეებმა ალიანსის თავდაცვის გეგმის ფორმულირებაზეც ისაუბრეს, რომელიც ნატომ ცივი ომის შემდეგ პირველად შეადგინა. გეგმა მოიცავს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში და თუ როგორ უნდა გაანაახლონ და გააძლიერონ საკუთარი ჯარები და თავდაცვის შესაძლებლობები.

ამავდროულად, მოკავშირეები განიხილავენ იმას, თუ როგორ განხორციელებენ მიზანს, რომელზეც შარშან მადრიდის სამიტზე შეთანხმდენენ. ეს მიზანი ალიანსის 300 000-ზე მეტი ჯარისკაცის მაღალ მზადყოფნაში მოყვანას გულისხმობს რუსეთის სავარაუდო აგრესიისგან თავის დასაცავად. წარსულში ეს რიცხვი 40 000 იყო.

მიმდინარე სამიტზე გზა გაეხსნა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სამიტამდე ერთი დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დიდხნიანი მოლაპარაკებებისა და წინააღმდეგობის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე. მას შემდეგ, რაც თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს, რასაც სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება, შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდება.

შვედეთმა, მეზობელ ფინეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანების განაცხადი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე გააკეთა. ამ სვლით, ორივე ქვეყანამ ნეიტრალიტეტის დიდიხნიანი პოლიტიკა შეცვალა.

ნატოს ლიდერებს, 12 ივლისს სამიტის დასრულებამდე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

XS
SM
MD
LG