ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრასნოდარში რუსული წყალქვეშა ნავის მეთაური მოკლეს


რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, რუსული წყალქვეშა ნავის მეთაური მოკლეს, რომელიც უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები გამო, კიევის „შავ სიაში“ იყო. მკვლელობის დეტალები, უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა. კიევი რუსი მაღალი რანგის სამხედრო პირის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, სტანისლავ რჟიცკი, მიმდინარე კვირის დასაწყისში, „უცნობმა პირმა“ მოკლა. სააგენტოს ცნობით, სამართალდამცავი უწყებები „დანაშაულის მოტივს იძიებენ“, ეჭვმიტანილები კი იდენტიფიცირებული არიან. მოგვიანებით, 42 წლის რჟიცკის მკვლელობა დაადასტურმა რუსეთის უმაღლესმა საგამოძიებო ორგანომ.

მომხდარის შესახებ, უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რჟიცკის პარკში სირბილისას „მაკაროვის სისტემის პისტოლეტით შვიდჯერ ესროლეს და შედეგად ადგილზე დაიღუპა“.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსული მედია მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. თუმცა, გერაშჩენკოს ამ ბრალდების საპასუხოდ კომენტარი არ გაუკეთებია.

„ჯერჯერობით, რუსულმა პოლიციამ ვერ იპოვა ერთი სათვალთვალო კამერა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს ასახავდა. ძებნა გრძელდება“ - დასძინა გერაშჩენკომ.

"ტელეგრამ" არხზე, რომელსაც თვითგამოცხადებული პრო-უკრაინელი პარტიზანები იყენებენ და რომელშიც მონაწილეებმა რუსეთში ასობით დივერსიული თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა, მტკიცებულების გარეშე ნათქვამია, რომ რჟიცკი 2022 წლის ივლისში წყალქვეშა ნავიდან, საკრუიზო სარაკეტო იერიშს ედგა სათავეში, რომლის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 წლის გოგონა უკრაინის ქალაქ ვინიცაში.

„ბაზა“, რუსული „ტელეგრამ“ არხი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურთან აქვს კავშირები ამბობს, რომ მკვლელს შეეძლო რჟიცკის მოძრაობის მიმართულებები იმ აპლიკაციის საშუალებით დაედგინა, რომელსაც ის ყოველდღიურად, საკუთარი სირბილის მონაცემების გაზომვისთვის იყენებდა და საჯაროდ აქვეყნებდა.

რჟიცკის მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები, უკრაინის მტრად მიჩნეული ადამიანების მასშტაბურ, არაოფიციალურ მონაცემთა ბაზა „მშვიდობისმყოფელზე“ გამოჩნდა. ამ საიტზე, სამშაბათს, რჟიცკის ფოტოზე გაჩნდა წითელი წარწერა - „ლიკვიდირებული“.

მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ამ მონაცემთა ბაზაში შეყვანილი, კიდევ სულ მცირე 2 პირი მოკლეს. გასული წლის აგვისტოში, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად კრემლის იდეოლოგად მიჩნეული ალექსანდრ დუგინის შვილი, ჟურნალისტი დარია დუგინა დაიღუპა. აპრილში კი პრორუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ თატარსკი, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში სიტყვით გამოსვლისას ააფეთქეს.

რუსეთი თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რუსული შიდადაპირისპირების შედეგია.

XS
SM
MD
LG