ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ გაიყო საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ მიმავალი გზები?


სტივენ პაიფერი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველო ისე აღარ ცდილობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც 10 ან 15 წლის წინ. მისივე თქმით, ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხედავს ალიანსი საქართველოს, როგორც პერსპექტიულ წევრს.

სტივ პაიფერი შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო. ასევე იყო პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის მიმართულების დირექტორი. ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატი, „ამერიკის ხმასთან“ იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელთა გამოც, მისი თქმით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, უკრაინისა და საქართველოს გზები გაიყო.

„2008 წელს იყო იდეა, რომ უკრაინა და საქართველო, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას [მაპს] ერთდროულად მიიღებდნენ. ამაზე საუბარი აღარ არის“, - უთხრა პაიფერმა „ამერიკის ხმას“.

„საქართველო თითქოს გზას ასცდა და თითქოს ამ გზაზე ჩამორჩა. ამას ვხედავთ არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ ასევე ევროკავშირთან დაკავშირებითაც. მოგეხსენებათ, უკრაინა გახდა კანდიდატი ქვეყანა, საქართველო არა. ვფიქრობ, ეს ასახავს იმას, რომ საქართველო ისე აღარ ცდილობს ისეთ ინსტიტუტებში შესვლას, როგორებიც ნატო და ევროკავშირია, როგორც მაგალითად 10 ან 15 წლის წინ. ამრიგად, ახლა გაქვთ ეს განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის“, - ამბობს პაიფერი.

ასოციაციები იანუკოვიჩთან

მოსაზრება იმის შესახებ, რომ თბილისი არ ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას წარსული მოწოდებითა და მონდომებით გაჰყვეს, ვაშინგტონის ანალიტიკური წრეებში იშვიათობა არ არის. გასულ თვეში, ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრისას, „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ დასავლეთი, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „საქართველოს ხელისუფლების ენთუზიაზმს ვერ ხედავს“.

საქართველო და ნატოს ვილნიუსის სამიტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

ანალიტიკურ წრეებში არსებული ამ საერთო აღქმის ფონზე, პაიფერი განმარტავს, რომ ნატო ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანებას არ აიძულებს. მას მიაჩნია, რომ "მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა სურს თავად საქართველოს. შექმნილი წარმოდგენა კი ისაა, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებისთვის, საქართველოში ისეთი მხარდაჭერა არ არსებობს, როგორიც ადრე იყო. ნატო ალიანსში გაწევრიანებას არ აიძულებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს არ სურთ“.

ნატო ალიანსში გაწევრიანებას არ აიძულებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს არ სურთ.
სტივენ პაიფერი

ყოფილ დილომატს ამის მაგალითი, უკრაინის არც თუ ისე შორეული წარსულიდან მოჰყავს. პაიფერი იხსენებს, რომ 2006 წლის დასაწყისში, არსებობდა რწმენა, რომ უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების „ძალიან კარგი შანსი ჰქონდა“. თუმცა, ეს რეალობა სრულიად შეცვალა უკრაინის იჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ, ნატოში გაკეთებულმა განცხადებამ. „მან თქვა - მე არ მინდა წევრობის სამოქმედო გეგმა, ეს ჩემი მიზანი არ არის. სწორედ იმ მომენტში, უკრაინის ვფიქრობ ძალიან მაღალი შანსები, რომ იმავე წლის დეკემბერში მაპი მიეღო, ნულამდე დავიდა. რადგან, ნატო ამბობს, თუ მთავრობა არ არის ერთიანი, რომ მისი ქვეყნის ადგილი ნატოშია, ჩვენ არ გვექნება დაჟინებული პოზიცია. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოს ახლა აქვს. არის აღქმა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ერთიანი იმაში, რომ მას იმდენადვე სურს ნატოსთან დაახლოება, როგორც მაგალითად 15 წლის წინ“, - უთხრა პაიფერმა „ამერიკის ხმას“.

რას ამბობს თბილისი?

სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღინისძიებებს ვილნიუსი უკვე მასპინძლობს. სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის დონზე იქნება წარმოდგენილი. 10 ივნისს, სამიტში პირველი დიპლომატის მონაწილეობის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა.

„სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყება ამბობს, რომ „ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას“.

ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე, 10 ივლისს, ღია წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში“.

"საქართველო რომ 2008 წელს ნატოს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ... ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილში.

მისივე შეფასებით, ნატოში საქართველოს "უარყოფის" შიდა პოლიტიკით გამართლება "არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება".

"სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში... ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატოსგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს" - აცხადებს პაპუაშვილი.

რას ამბობს თეთრი სახლი ნატო-საქართველოს შესახებ?

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში.

ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“. „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე, მან პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით, ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა“, - განაცხადა თეთრმა სახლმა.

მოკლე გზა კიევისთვის

ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის კონსესუსი შედგა და უკრაინის წევრობისთვის მიწვევის წინაპირობა, წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ იქნება. „ეს ნატოსკენ უკრაინის გზას ამოკლებს“, - ამბობს დმიტრო კულება.

„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსესუსს უკრაინის წევრობის გზიდან მაპის ამოღების შესახებ. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ“, - წერს კულება "ტვიტერზე".

პაიფერი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ, ალიანსის დამოკიდებულება არსებიდათ შეიცვალა და სამიტზე, კიევისა და ალიანსის დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ.

„ვფიქრობ, უკრაინისა და ნატოს ურთიერთობების გამყარებისა და დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს ვიხილავთ. ჩემი დაკვირვებით, უკრაინას ნატოში გაწევრიანების მოწვევას არ შესთავაზებენ. მიზეზი ისაა, რომ ჯერ კიდევ არის ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა, რომელთა აზრით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელით ომისთვის. ჩემი ვარაუდით, რამდენიმე მოკავშირე, ჯერ არ არის მზად ამ ვალდებულების აღებისთვის. მაგრამ, დასავლეთში არის ცვლილება, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება შეხედულებას, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი, ნატოში გაწევრიანება იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, მიდგომა უკრაინის ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ იცვლება, თუ უახლოეს მომავალში არა, ცოტა მოგვიანებით. წელიწადნახევრის წინ მიდგომა ასეთი არ იყო. ეს დიდი ცვლილებაა“, - თქვა პაიფერმა.

ნატოს გენერალურმა მიდვანმა არაერთხელ თქვა, რომ ვილნიუსის სამიტზე, ალიანსის წევრობისთვის უკრაინის ოფიციალური მიწვევა არ იგეგმება. თუმცა, სტოლტენბერგი ამბობს, რომ სამიტის მთავარი თემა, უკრაინისა და ნატოს დაახლოების გზების დასახვა იქნება.

ნატოს მოახლოებული სამიტისა და ომის შემდგომი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გსულ კვირაში, „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კოორდინატორმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ბრძოლა, რომელშიც ისინი ახლა არიან. ომის შემდგომი უკრაინაზე საუბრისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი უსაფრთხოების საჭიროებები და რა ვალდებულებები შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რადგან მათ ისევ ექნებათ გრძელი საზღვარი რუსეთთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და რომ ეს უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლმა განაცხადა, რომ თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, მოსკოვი იძულებული იქნება მიღებულ გადაწყვეტილებას დროული და მკაცრი პასუხი გასცეს. მოსკოვი ასევე დაიმუქრა, რომ თუ ალიანსი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, ეს ევროპის უსაფრთხოებაზე ნეგატიურ შედეგებს იქონიებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG