კიდევ ერთი ისტორიული სამიტი ევროპის კონტინენტზე საომარ ვითარებაში - ნატო უკრაინის წევრობის ბედს წყვეტს. 11-12 ივლისს ვილნიუსი სამიტს მასპინძლობს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რამდენად პირდაპირი და სწრაფი იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანება. სამიტის დაწყების წინა დღეს, უკრაინის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია - უკრაინა ალიანსის წევრი „სამოქმედო გეგმის“ – იგივე "მაპის" გარეშე გახდება. ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამიტის გზავნილებს ახლა გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა და რეალური გავლენა ექნება, როგორც კიევში თუ ფრონტის ხაზზე, ისე - მოსკოვში. სწორედ ამიტომ მათი აზრით, ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე დაშვებული შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და უნდა გასცდეს დაპირებას „ღია კარის“ პოლიტიკის თაობაზე. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ნატოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, სამხედრო მეთაურებს, ანალიტიკოსებსა და ყოფილ დიპლომატებს ესაუბრა.
„ვილნიუსის სამიტი არის ამ თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი. მოდით, ნუღარ გავიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომას“, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. რასმუსენი ფიქრობს, რომ 15 წლის შემდეგ, ევროპის მიწაზე კიდევ ერთი ომის პირობებში, ალიანსმა შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზოს. ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, მსოფლიო ლიდერებს წესით ახლა უკეთ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოსა და უკრაინის „რუხ ზონაში“ დატოვებამ არათუ არ შეაკავა პუტინი, არამედ, პირიქით, მას ომის შესაძლებლობა მისცა.
თუკი ნატოს წევრობა და უსაფრთხოების გარანტიები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული, მაშინ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მეტ მოტივაციას ვაძლევთ, რომ ომი გააგრძელოს",- რასმუსენი
„უკრაინა უკვე 15 წელია მოსაცდელ ოთახშია. ეს არაა უსაფრთხო ადგილი. დადგა დრო, რომ ის უსაფრთხო ადგილას გადავიყვანოთ... სწორედ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეუთავაზებლობამ წააქეზა ვლადიმირ პუტინი“, - ამბობს რასმუსენი და განმარტავს, რომ „რუხი ზონები“ „საშიში ზონებია“, და ნეიტრალიტეტს უსაფრთხოება არ მოაქვს, რაც ფინეთმა და შვედეთმა კარგად გაიაზრეს.
ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ძალიან საშიშია ის არგუმენტები, რომელიც ბევრი ლიდერისგან ისმის იმის შესახებ, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებსა და წევრობას არ უნდა ელოდოს მანამ, სანამ საომარი მოქმედებები არ შეწყდება. რადგან ეს მხოლოდ მეტად წააქეზებს პუტინის აგრესიულ მისწრაფებებს:
„ეს უკიდურესად საშიში არგუმენტია. თუკი ნატოს წევრობა და უსაფრთხოების გარანტიები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული, მაშინ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მეტ მოტივაციას ვაძლევთ, რომ ომი გააგრძელოს. [უკრაინის] მოწვევით კი ვეტყვით მას: უკრაინა ნატოს წევრი გახდება! დიახ, არა ერთ ღამეში, მაგრამ ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, ჩვენი კარი მისთვის ღიაა და შენ არ ხარ კარისკაცი“. განმარტავს ყოფილი გენერალური მდივანი.
2008 წლის გაკვეთილებს განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიც. ის ფიქრობს, რომ ალიანსის მტკიცე ნაბიჯები არა ესკალაციას, არამედ ომის სწრაფად დამთავრებას და სხვა ომების თავიდან აცილებასაც შუწყობს ხელს. „2008 წელს ბუქარესტში ჩვენი, გერმანიის და საფრანგეთის მოსაზრებები გაიყო უკრაინისა და საქართველოსთვის "მაპის" მინიჭების თაობაზე. ეს პუტინისთვის არა პროვოკაცია, არამედ შესაძლებლობა აღმოჩნდა. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანელები და ფრანგები ურყევად ეწინააღმდეგებოდნენ მათი წევრობის განხილვას ახლო მომავალში. და პუტინმა ეს შესაძლებლობად აღიქვა. ის ორი ქვეყანა, რომელშიც პუტინი ამ სამეზობლოში შეიჭრა, სწორედ საქართველო და უკრაინაა, ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, - ამბობს ჰედლი.
„რუხი ზონები“ რომ მხოლოდ მწვანე შუქი აღმოჩნდა პუტინისთვის, ამას არაერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს. პრეზიდენტი ზელენსკი ალიანსს სამიტამდე „პოლიტიკური მოწვევის“ გაჟღერებისკენ მოუწოდებდა, რასაც ექსპერტთა დიდი ნაწილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა. მათი აზრით, კრიტიკული მნიშვნელობას ახლა იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ვადების განსაზღვრას აქვს, რაც გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად იქნება საჭირო.
"ამჯერად გამოყენებული ენა, ლექსიკა უნდა იყოს არა შეთავაზების, არამედ - მავალდებულებელი ხასიათის, რათა მსოფლიომ დაინახოს: ეს ერები ერთგულნი იმის, რისი შესრულების პირობაც უკრაინის უსაფრთხოებისა და დაცულობის შესაქმნელად დადეს",- ფილიპ ბრიდლოვი
„თუკი მოკავშირეები უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ გამონახავენ, მეორე საუკეთესო გამოსავალი გაწევრიანებამდე ნათელი და პუნქტობრივი გეეგმის დასახვაა. პირველ ყოვლისა, „მაპ“-ის გაუქმება, როგორც ფინეთ-შვედეთისთვის მოხდა. ფაქტია, რომ ახლა უკრაინის ჯარი ალბათ ევროპაში ბრძოლისთვის ყველაზე მომზადებული არმიაა. ამასთან, უნდა დაიდოს პირობა, რომ გაფართოების საკითხი მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე გადაიხედება", - განმარტავს ანდერს ფოგ რასმუსენი.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ერთი მხრივ უკრაინამ, მეორე მხრივ კი მოსკოვმა ამ სამიტიდან კონკრეტული გზავნილები უნდა მოისმინონ, რაც „წევრობის სამოქმედო გეგმის“, იგივე „მაპის" გარეშეც შეიძლება. ისინი უკრაინისთვის „მაპის“ გაუქმებასთან ერთად, ურთიერთობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადატანას ელოდებიან. „ნატო ყოველთვის ამბობდა, რომ "მაპი" აუცილებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა ვნახავთ, რომ ის გაუქმდება, როგორც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. ვნახავთ ნატო-უკრაინის კომისიის ნატო-უკრაინის საბჭოდ გადაკეთებასაც, რაც შეიძლება პატარა განსხვავებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემს მოკავშირეების გვერდით ისხდნენ და არაერთ მნიშვნელოვან განხილვაში მიიღონ მონაწილეობა ნატოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნატო ალბათ ასევე შესთავაზებს უკრაინას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის, გრძელვადიანი დაგეგმარების და ურთიერთთავსებადობის გაზრდაში დახმარებას“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი.
ნატოს ყოფილ მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ფილიპ ბრიდლოვს მიაჩნია, რომ ამჯერად ორაზროვნება ან ბუნდოვანი პირობები დაუშვებელია. ვილნიუსში აღარ უნდა გაიმეორონ არც ბუქარესტის, და არც ბუდაპეშტის გამოცდილება: „ჩვენ ვიცით, რა არ უნდა მოხდეს, რა არ შეიძლება რომ იყოს გზავნილი და ესაა ბუდაპეშტის მსგავსი კიდევ ერთი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც არ გრძნობენ თავს ვალდებულად, რომ შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, - ამბობს თადარიგის გენერალი და დასძენს:
„ამჯერად, გამოყენებული ენა, ლექსიკა უნდა იყოს არა შეთავაზების, არამედ - მავალდებულებელი ხასიათის, რათა მსოფლიომ დაინახოს: ეს ერები ერთგულნი იმის, რისი შესრულების პირობაც უკრაინის უსაფრთხოებისა და დაცულობის შესაქმნელად დადეს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყურება ეს დარღვეული შეთანხმება და ახლა იგივე ვეღარ მოხდება, ის ბევრად ძლიერი უნდა იყოს.“
ბალტიისპირელი ლიდერების აზრით და გამოცდილებით, ერთადერთი რამ, რასაც რუსეთის მიერ მეზობლების მიმართ აგრესიის ციკლის დასრულება შეუძლია, არის ნატოს წევრობა. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ განვსაზღვროთ პრაქტიკული გზა წინ წასასვლელად და ჩვენც უნდა გავაგზავნოთ იმედის ძლიერი გზავნილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სანგრებში, რომ ჰორიზონტზე ნატოს წევრობის პერსპექტივით, ისინი რუსეთთან თავიანთ ბოლო ომს იბრძვიან“ - აცხადებს კაია კალასი, ესტონეთის პრემიერი.
ნატო და საქართველო
თუკი 2008 წელს ალიანსი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ერთდროულად საუბრობდნენ, თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოზე, როგორც უკრაინის მსგავს, წევრობის სერიოზულ კანდიდატზე, ახლა არ იმსჯელებენ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ხელიდან გაშვებული მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი , საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი, ევრაზიის კვლევების დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის „გზები გაიყარა": „2008 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად, საქართველო და უკრაინა იყო ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვოდა. ეს ტანდემი, ეს კავშირი გაწყდა. ახლა ნატო უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. დიახ, ალიანსში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, რამდენად პირდაპირი უნდა იყოს კიევის გზა, მაგრამ მე არ მესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე გადაწყვეტილებები იყოს განხილული ამ სამიტისას საქართველოს ნატოს წევრობასთან მეტად დასაახლოებლად. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება“, - მიიჩნევს ჰამილტონი.
11-12 ივლისს ვილნიუსში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვედეთის, ბოსნია-ჰერცოგოვვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები.
"სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან",- დენ ფრიდი
"ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად, ამ თემაზე თეთრ სახლშიც გააკეთეს კომენტარი: "საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ამერიკა აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.
მაშინ, როცა ქართული შეიარაღებული ძალების მზაობა და დამსახურება ნატოს ყოფილი მთავარსარდლებისთვის ეჭვს არ იწვევს, შეშფოთების საგნად სწორედ პოლიტიკური ნაწილი რჩება. სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს არ უწყობს ხელს ის კითხვები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ მიმართულებასთან და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით არსებობს.
"სამხედრო თვალსაზრისით მათ ყველა მოლოდინი დააკმაყოფილეს, რაც კი ჩვენ ნატოს ახალი წევრისგან გვენდომებოდა. ამ მხრივ ისინი მოწვევის კრიტერიუმებსაც კი სცდებიან", - ამბობს ფილიპ ბრიდლოვი, ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თუმცა განმარტავს, რომ არსებობს მოსაზრებები პოლიტიკური კუთხით, იმის შესახებ, რომ საქართველო შესაძლოა უკან მიდიოდეს.
"ნატოსა და ამერიკაშია ყველას არ მგონია ესმოდეს ის „რუხი ზონები“ ან ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიგნით აწარმოებს. ჩვენ ვხედავთ საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოწვევა შეუქმნას იმ მიმართულებას, თუ საით შეიძლება მიდიოდეს საქართველო. ვხედავთ რუსულ გავლენას თითქმის ყველაფერში ამასთან დაკავშირებით. და ჩვენ ეს გვაწუხებს", - დასძენს თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი.
როგორი გადაწყვეტილებებითაც უნდა დამთავრდეს ვილნიუსის სამიტი კიევისთვის, ამერიკის დედაქალაქში აწუხებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ნაწილი არ არის და ამის მიზეზი თბილისის მხრიდან ნაკლები აქტიურობაა.
ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ახლა მოკავშირეები იმ კონკრეტულ გზებს განიხილავენ თუ როგორი იქნება მომავალში ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან, და არა - საქართველოსთან.
"რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე", - უთხრა "ამერიკის ხმას" დენ ფრიდმა.
ნატოს სამიტის მოახლოების ფონზე უკრაინის ჯარი რუსეთის საოკუპაციო ძალებს უტევს და ცოტა ხნის წინ დაწყებულ კონტრიერიშს აგრძელებს. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის უსაფრთხოების მიმდინარე პრაქტიკულ და გრძელვადიან საჭიროებებზე ქმედითი ნაბიჯების შემუშავება იქნება. უკრაინა კი ნატოს წევრ ქვეყნებს კვლავ თანამდროვე და დასავლური შეიარაღების მიწოდებას სთხოვს.