10 ივლისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა "კლდესავით მტკიცეა". ლონდონში შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრა, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდების წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილების ფონზე გაიმართა.
"სალაპარაკო ბევრი გვაქვს. ვფიქრობ, საქმე კარგად მიდის" - თქვა ბაიდენმა შეხვედრის წინ. ისინი ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში სამშაბათსაც შეხვდებიან, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც 11 ივლისს ნატოს ორდღიანი სამიტი დაიწყება.
"კარგია საუბრის გაგრძელება, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, თეთრ სახლში გვქონდა, სადაც ხელი მოვაწერეთ ატლანტიკურ დეკლარაციას" - განაცხადა სუნაკმა. მან ივნისში გაფორმებული შეთანხმება ახსენა, რომელიც მსოფლიოში ჩინეთის მზარდი გავლენის პირისპირ, ორ ქვეყანას შორის მოწინავე ტექნოლოგიებში, სუფთა ენერგიის და კრიტიკული მინერალების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ბაიდენის და სუნაკის დღევანდელი საუბრის ფოკუსში უკრაინაა. კერძოდ, ისინი ცდილობენ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, ალიანსის ფარგლებს გარეთ, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებით უზრუნველყოფის საშუალებები მოიძიონ. ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის. გარდა იმისა, რომ კიევს რეფორმები ესაჭიროება, მისი ნატოში შეყვანა, ალიანსის რუსეთთან უშუალო კონფლიქტში შესვლის საფრთხეს ქმნის - აღნიშნავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
უმაღლესი დონის შეხვედრა რამდენადმე დაჩრდილა თეთრი სახლის მიერ 7 ივლისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გადასცეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა. გაერთიანებული სამეფო იმ 123 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას, კასეტური ბომბების გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
სუნაკს ვაშინგტონის გადაწყვეტილება საჯაროდ არ გაუკრიტიკებია, თუმცა მას არც მხარი დაუჭირა. "დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას და არ ახალისებს მათ გამოყენებას", განაცხადა 9 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო "გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".
ალიანსში ამ წინააღმდეგობრივ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ შესაძლო ბზარზე კითხვა ჯეიკ საილვანსაც დაუსვეს, თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. პასუხად მან განაცხადა, რომ მთავარია, ორივე ქვეყანა უკრაინის სტრატეგიულ მხარდამჭერად რჩება. “ვფიქრობ, თქვენ დარწმუნდებით იმაში, რომ პრემიერ-მინისტრი სუნაკი და პრეზიდენტი ბაიდენი სტრატეგიულად ერთიანნი არიან უკრაინის დახმარების მიმართულებით" - განაცხადა სალივანმა.
დღესვე ბაიდენი ვილნიუსში მიემგზავრება, სადაც ნატოს სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა ლიდერებსაც შეხვდება. სამიტის ყურადღების ცენტრში, ალიანსის გაძლიერება-განმტკიცების პარალელურად, კვლავ უკრაინა და მის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია რჩება.
Facebook Forum