ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს კომუნიკე: "მაპი" საქართველოს გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი იქნება


ვილნიუსში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და პარტნიორები არიან შეკრებილნი, ორდღიანი სამიტისთვის. სამიტის პირველ დღეს განხილვის უმთავრესი თემა უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ნაბიჯები იყო.

ნატოს ლიდერები, სამშაბათს შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში "წევრობის სამოქმედო გეგმის" გარეშე გაწევრიანდება. ალიანსში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კიევის მომავალი ალიანსშია, თუმცა უარი თქვეს, კიევის ოფიციალურად მიწვევაზე ან გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელებაზე.

ალიანსის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის პირველი სხდომაც 12 ივლისს ჩატარდება. საბჭოზე კრიზისებზე კონსულტაციის გარდა, უკრაინის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში თანასწორი მონაწილეობა მიიღონ. ალიანსი უკრაინას მტკიცე და გრძელვადიან მხარდაჭერას ჰპირდება.

სამიტის კომუნიკეში საუბარია საქართველოზეც და კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, ისე რეფორმების საჭიროება ნატოსთან დაახლოების გზაზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან თავისუფლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან, რომელიც იქ საქართველოს ნების გარეშეა განლაგებული. მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს მის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზება და განგრძობითი მცდელობა, რომ ისინი ძალისმიერი გზით განაცალკეოს დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი ბარიერებით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, შერჩევითი დაკავებები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება", - ნათქვამია კომუნიკეში.

აქვე ხაზგასმულია ქართული შეიარაღებული ძალების წვრილი საერთაშორისო მისიებში და ის, რომ საქართველოს შეუძლია გლობალურ მშვიდობაში წვლილის შეტანა: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით კონტრიბუციას ნატოს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობას, რომ წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში".

კომუნიკეში აღნიშნულია ისიც, რომ უკრაინისგან განსხვავებით, "წევრობის სამოქმედო გეგმა" საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი იქნება.

"ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ იმის, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა იმისთვის, რომ გავაღრმავოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და "წევრობის სამოქმედო გეგმა", იგივე "მაპი", იქნება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, მათ შორის, კრიზიების მართვის, კიბერ-უსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულების, ისევე როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული თავდაცვისა და საწვრთნელი ობიექტების კუთხით ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით", - ნათქვამია კომუნიკეში.

ნატოს სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ თავისი დასავლური მისწრაფებების მისაღწევად აუცილებლად უნდა გაატაროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და სრულად გამოიყენოს დაახლოების უკვე არსებული მექანიზმები:

"იმისთვის, რომ მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დაწინაურდეს, საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების მიმართულებით, მათ შორის, უმთავრესი დემოკრატიული რეფორმების ჩათვლით და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა", - ნათქვამია კომუნიკეში.

ვილნიუსის სამიტზე წელს საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG