კრემლი აცხადებს, რომ ნატო რუსეთს "მტრად" აღიქვამს და ამიტომ ის ყურადღებით დააკვირდება ვილნიუსის სამიტს. "საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად" კი შესაბამისად ნაბიჯებს გადადგამს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ის ვილნიუსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისგან უკრაინისთვის "პოზიტიური გზავნილის" გაჟღერებას ელოდება იმის თაობაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზეა.
მოსკოვში კი კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 17 თვის წინ სრულმასშტაბიანი შეჭრის მთავარი მიზეზი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებაა.
"ისინი რუსეთს აღიქვამენ როგორც მტერს, როგორც მოწინააღმდეგეს. სწორედ ამავე სულისკვეთებით წარიმართება ვილნიუსში დისკუსიები", - უთხრა ჟურნალისტებს კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც ითქმება, ის სიღრმისეული ანალიზის საგანი იქნება, რათა მივიღოთ ზომები ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვის" , - დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი ნატოს შემდგომი გაფართოების მოლოდინში "შესაბამის ზომებს იღებს". ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მას არ უსაუბრია.
ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვილნიუსში არიან შეკრებილნი. სამიტზე, რომელიც 12 ივლისს დასრულდება, ალიანსი, ცივი ომის შემდეგ პირველად, მოსკოვის მხრიდან შესაძლო თავდასხმისგან თავდაცვის მრავლისმომცველ გეგმას დაამტკიცებს. დიპლომატები ამბობენ, რომ ნატოსთან უკრაინის დაახლოების თაობაზეც მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მცირდება. თუმცა კიევი ვერ მიიღებს მიწვევას მანამ, სანამ იქ ომი გრძელდება.
"ეს საკითხი [უკრაინის ნატოში გაწევრიანება] ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან საშიშია და შესაბამისად, მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უნდა ესმოდეთ", - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით კონფლიქტის გამწვავებაში დასდო ბრალი შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის მომლაპარაკებელმა კონსტანტინ გავრილოვმაც. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გავრილოვმა თქვა, რომ სწორედ ევროპა იქნება პირველი, ვინც "კატასტროფულ შედეგებს" მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი ომის ესკალაცია და გაფართოება მოხდება. თუმცა ამ შედეგებზე უფრო კონკრეულად არც მას უსაუბრია.
კრემლის პრეს-სპიკერი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ამას რუსეთის უსაფრთხოებაზე "უარყოფითი გავლენა" ექნება და მოსკოვი ამასაც უპასუხებს. თუმცა როგორ, კრემლი არ აკონკრეტებს.
პესკოვმა არ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა. პესკოვმა თქვა, რომ ანკარას, როგორც ნატოს წევრს თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა. მან განმარტა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა გაგრძელდება.