რუსული ძალების შეტევითი ძალისხმევა კვლავ ბახმუტზე, დონეცკის აღმოსავლეთით არის ფოკუსირებული. კიივი კი დასავლელ მოკავშირეებს კვლავ მოუწოდებს, დააჩქარონ მოწინავე მძიმე შეიარაღების, მათ შორის თანამედროვე ტანკების მიწოდების პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ყოველდღიურ ანგარიშში განაცხადა, რომ ბახმუტი და ავდიევკა, სადაც თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მოსკოვის მთავარ სამიზნეებად რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასევე ძლიერი თავდასხმების ქვეშ იყო ლუჰანსკის რეგიონის ბილოჰორივკას დასახლება.
ასევე ნახეთ: კიევში ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა - დაიღუპა შს მინისტრი, 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეებიგენერალური შტაბის ცნობითვე, რუსულმა ძალებმა, იმავე ინტერვალით, ექვსი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მათგან სამი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეებზე ქალაქ კუპიანსკსა და კრამატორსკიში. შტაბი აცხადებს, რომ მთელ უკრაინაში, სამოქალაქო ობიექტებზე რუსული სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის სამიზნე უკრაინის სამოქალაქო დასახლებები და ენერგოინფრასტრუქტურაა, რის შედეგადაც, მილიონობით უკრაინელს ზამთრის გატარება გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე, ზოგჯერ სასმელი წყლის გარეშეც უწევს.
ქალაქ დნიპროში, შაბათს, 1 700 ადამიანით დასახლებულ საცხოვრებელ კომპლექსზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას, 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
გასული წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, 9 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 453 ბავშვი. ამის შესახებ ანდრეი ერმარკმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის განმავლობაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს.
ამერიკელი და უკრაინელი გენერლების შეხვედრა
17 იანვარს, აშშ-ისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო ოფიცრები, სამხრეთ აღმოსავლეთ პოლონეთში, გასაიდუმლოებულ ადგილზე პირისპირ პირველად შეხვდნენ. ეს იმ ფონზე, როცა კიივი დასავლეთს იარაღი მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ესაუბრება.
აშშ-ის თავდაცვის უწყების სპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის გენერალი მარკ მილი, თავის უკრაინელ კოლეგას, ვალერი ზალუჟინის ბაზაზე, პოლონეთი-უკრაინის საზღვართან შეხვდა.
ასევე ნახეთ: "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა„ვაშინგტონ პოსტისა“ და სსხვა ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ამერიკულ მაღალი რანგის დელეგაციაში ასევე შედიოდა ხუთი სამხედრო პირი, თარჯიმანი და უსაფრთხოების პერსონალი. უსაფრთხოების ზომების გამო, შეხვედრის სესახებ ინფორმაცია, მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გასაჯაროვდა.
„ორივეს მიაჩნდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ორმა ძალიან მნიშვნელოვანმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ერთმანეთს თვალებში ჩახედონ, როცა ისინი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ. ეს განსხვავებას ქმნის“ - განაცხადა აშშ-ის სამხედრო სპიკერმა, პოლკოვნიკმა დევიდ ბატლერმა.
ამერიკელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრა,“ტვიტერზე“ დაადასტურა ზალუჟინიმ, - „ჩემი პირველი პერსონალური შეხვედრა გნერალ მილისთან, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, პოლონეთში გაიმართა“ - წერს ის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, "მადლობა გამოთქვა შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მიმართ, ურყევი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის". ამასთან, მან "გამოხატა უკრაინელი სამხედროების გადაუდებელი საჭიროებები", რაც "დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას".
დასავლელი მოკავშირეების შეხვედრა და გეგმები
გერმანიაში დაგეგმილ დისკუსიას, სადაც დასავლელი მოკავშირეები, უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდების საკითხების განხილვას აპირებენ, წინ უსწრებდა ამერიკელი და უკრაინელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირების შეხვედრა. ამგვარი იარაღის, მათ შორის ტანკების მიწოდება, უკრაინელი ლიდერების მთავარი მოთხოვნაა.
ასევე ნახეთ: გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავსამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ბერლინს 19 იანვარს ეწვევა. 20 იანვარს ის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინშის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უმასპინძლებს. შეხვედრაზე უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერას განიხილავენ.
18 იანვარს, ევროკავშირის თავმჯდომარემ, მხარი დაუჭირა დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. „თითქმის ერთი წელია, რუსეთი ატარებს განადგურების სტრატეგიას, ტერორის სტრატეგიას, ცდილობს დამორჩილების მიზნით, უკრაინელი ხალხი დაბომბოს. მაგრამ, უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას უწევს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
„ჩვენ, ევროკავშირი, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდებათ. ახლა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი აღჭურვილობა და მე პირადად მომხრე ვარ, უკრაინის ტანკებით მომარაგების“, - განაცხადა მიშელმა.
ბრიტანეთმა 16 იანვარს დაადასტურა, რომ აპირებს 14 Challenger 2 ტიპის ტანკის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას, მათ შორის ასობით ჯავშანტექნიკისა და საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების ჩათვლით.
პოლონეთმა და ფინეთმა უკვე დადეს პირობა, რომ „ლეოპარდ 2“-ის ტიპის რამდენიმე ტანკს უკრაინაში გაგზავნიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ლეოპარდ 2“-ის შესაძლებლობები აღემატება იმ ტანკებს რესურსს, რომლებიც რუსეთმა განალაგა და კიივს გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებს.
ასევე ნახეთ: უკრაინისთვის გერმანული ტანკი "ლეოპარდი" მზად ყველაზე ადრე, 2024 წელს იქნებაამასთან, პოლონეთმა გააძლიერა ზეწოლა გერმანიაზე, რათა მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, მათ შორის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის საბრძოლო ტანკები. მაგრამ, ბერლინი ამბობს, რომ ასეთი იარაღის მიწოდება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიივის მთავარ მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებთან შეთანხმება იქნება მიღწეული. გერმანია "ლეოპარდების" მწარმოებელი ქვეყანაა და შესაბამისად იმ სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც სურთ ამ ტანკების უკრაინისთვის საკუთარი არსენალიდან გადაცემა, ბერლინის თანხმობა სჭირდებათ.
ლავროვის განცხადება
18 იანვარს, მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საკუთარ მიზნებს მიაღწევს მიუხედავად იმ „ჰიბრიდული ომისა“, რომელსაც, მისი თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება არ შეიძლება.
ასევე ნახეთ: „ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებსმოსკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიივი აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილებზე. კიივი კი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ მისი მთელი ტერიტორია არ გათავისუფლდება.