გერმანული მწარმოებელი "რეინმეტალი" აცხადებს, რომ მას უკრაინისთვის "ლეოპარდ 2" საბრძოლო ტანკის მიწოდება ყველაზე ადრე, 2024 წელს შეეძლება. ამისთვის კი მას მანამდე დამტკიცებული დოკუმენტაცია დასჭირდება, რომ სარემონტო სამუშაოები დაიწყოს. ამ საკითხებზე კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გერმანულ გაზეთ "ბილდს" ესაუბრა.
"რეინმეტალის" განმარტებით, ტანკები "უნდა მთლიანად დაიშალოს და თავიდან აეწყოს". კომპანიას ასევე ჰყავს 100 "მარდერის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მაგრამ ბრძოლაში გამოსაყენებლად, ისინიც საჭიროებენ შეკეთებას. ამ სამუშაოებს კი 7-8 თვე ესაჭიროება.
გერმანიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად, "მარდერის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის. თუმცა, კიევმა უფრო მძიმე საბრძოლო ტექნიკით დახმარება მოითხოვა, როგორიცაა გერმანული "ლეოპარდი".
ეს დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საქმეში გაცილებით უფრო სერიოზული როლის თამაში იქნებოდა. ამის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრმა რობერდ ჰებეკმა მაშინ თქვა, რომ ტანკების მიწოდება "გამორიცხული არ არის". გერმანიას სულ 350 "ლეოპარდ-2" ჰყავს, მაშინ როცა ცივი ომის პიკში საბრძოლო ტანკების რიცხვი 4 000-ს აღემატებოდა.
Facebook Forum