ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი გერმანიას უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემას სთხოვს


ორშაბათს ბრიტანეთმა გერმანიას მოუწოდა ლეოპარდის ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე ნებართვა გასცეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინს ამ გადაწყვეტილების მიღებით შეუძლია სხვა ქვეყნების მხარდაჭერის განბლოკვა. ლონდონმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინს არ მოუწევს მარტო იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინას ამ ტანკებს მიაწოდებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთს ძალიან სურს ლეოპარდის უკრაინისთვის გადაცემა, ისევე როგორც ფინეთს“, - განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა პარლამენტს.

„ამჟამად ეს ყველაფერი ეყრდნობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებებს - არა მხოლოდ მიაწოდებენ თუ არა გერმანელები საკუთარ ლეოპარდებს, არამედ მისცემენ თუ არა ისინი ნებართვას სხვებს. მე მოვუწოდებ ჩემს გერმანელ კოლეგებს ამის გაკეთებისკენ“, დასძინა მან.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი ორშაბათს თანამდებობიდან გადადგა, რადგან მისი მთავრობა მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემაზე უარის გამო. მიმდინარე კვირა, სავარაუდოდ, გადამწყვეტი კვირა იქნება დასავლეთის მხრიდან კიევისთვის შემდგომი შეიარაღების მიწოდების გეგმის შემუშავების თვალსაზრისით.

გერმანია ტანკების გადაცემის შესაძლებლობას აქამდე ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით, რომ ბერლინს არ სურდა მარტო ემოქმედა და რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან თანხმობის მიღწევით.

XS
SM
MD
LG