ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელ კონგრესმენ სანტოსზე ზეწოლა იზრდება, რომ ის გადადგეს


ჯორჯ სანტოსი
ჯორჯ სანტოსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი, ჯორჯ სანტოსი, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს, თავისი განათლების და წარსული საქმიანობის შესახებ იცრუა, შესაძლოა კონგრესიდან გათავისუფლებული იქნას, თუ აღმოჩნდა, რომ მან საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონი დაარღვია. განცხადება კვირას, 15 იანვარს, მისმა თანაპარტიელმა, წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯეიმს კომერმა გააკეთა.

"ის ცუდი ბიჭია", - თქვა კომერმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში. "ჩემი ან კონგრესის რომელიმე სხვა წევრის გადასაწყვეტი არაა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა მისი გაძევება სიცრუის გამო. მაგრამ, თუ მან დაარღვია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონები, მაშინ ის კონგრესიდან მოიხსნება".

სანტოსმა არაერთხელ თქვა უარი თანამდებობიდან გადადგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ, მის პარტიაში იზრდება ზეწოლა ამ ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. ხუთშაბათს მან თქვა, რომ კონგრესმენის მანდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ის მომავალ არჩევნებში დამარცხდება.

ათზე მეტი რესპუბლიკელი, ბევრი მათგანი სანტოსის საარჩევნო რაიონიდან, რომელიც მოიცავს ნიუ იორკის შტატში ქვინსსა და ლონგ-აილენდს, სანტოსს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ კონგრესმენ სანტოსის ბედის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეთიკის კომიტეტს და ამომრჩევლებს დაუტოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG