ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა - დაიღუპა შს მინისტრი, 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეები


უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, სულ 9 ადამიანი და ყველა მათგანი დაღუპულია. ამ დრომდე დადასტურებულია ინფორმაცია 15 ადამიანის დაღუპვის შესახებ. მათ შორის 3 ბავშვია. ვრცელდება ინფორმაცია 16 და ზოგ შემთხვევაში 18 დაღუპულის შესახებაც.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკვე დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და გარემოებები.

სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, საფრანგეთში წარმოებული "სუპერ პუმაა", ის კიევის გარეუბან ბროვარიში, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა,

რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

შემთხვევის ადგილას გადაუდებელი დახმარების სამსახურები ჯერაც მუშაობენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საბავშვო ბაღის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სავარაუდო ცხედრები. ვერტმფრენის დიდი ნაწილი როგორც ჩანს, იქვე მდგომ ავტომობილსაც დაეცა.

პოლიციის მეთაურმა იჰორ კლიმენკომ დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე, ივჰენი იენინი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც მათთან ერთად უკრაინის სამაშველო სამსახურის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ. 42 წლის იურისტი და კანონმდებელი, რომელიც შს მინისტრად 2021 წელს დაინიშნა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, ვინც უკრაინაში დაიღუპა.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. არ ყოფილა უშუალო კომენტარიც რუსული მხარისგან, და არც უკრაინის ხელისუფლებას გაუკეთებია რაიმე მინიშნება, რომ ეს შესაძლოა რუსეთის თავდასხმა იყოს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG