სასოლი: ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა მიიღოს ავღანელი ლტოლვილები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ამბობს, რომ ევროკავშირმა ავღანელი ლტოლვილები უნდა მიიღოს და ისინი არ უნდა მიატოვოს. სასოლმა აღნიშნა, რომ ლტოლვილების გადანაწილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თანაბრად უნდა შეძლოს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, ვინც მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ ჩვენთან. ჩვენ ისინი არ უნდა მივატოვოთ, რადგან მათზე შურს იძიებენ. ჩვენ გვაქვს ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ ამის საშუალება გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ“ - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ევაკუაცია გრძელდება, თალიბები კონფრონტაციაზე არ მიდიან

ათასობით ავღანელი ამ დრომდე ევაკუაციის მოლოდინშია, ასობით მათგანის ევაკუაცია უკვე მოხდა, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია. პარალელურად თალიბანი, რომელიც ქვეყანას სრულად აკონტროლებს აცხადებს, რომ მათ მშვიდობა სურთ და ერთგვარი „ამინისტია“ გამოაცხადეს. თალიბანის ლიდერები ამბობენ, რომ აქამდე ჩადენილი დანაშაულებებისგან ყველა თავისუფალია. მეტიც თალიბანი მკაფიოდ აცხადებს, რომ ისინი პატივს სცემენ ქალთა უფლებებს ისლამური კანონების ფარგლებში.

ასევე ნახეთ: ქაბულში ამერიკელ მეთაურებს, თალიბანის მეთაურებთან კომუნიკაცია აქვთ - პენტაგონი


მიუხედავად თალიბანის საჯარო განცხადებებისა, ავღანელებს ამის არ სჯერათ და ქვეყნიდან წასვლას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ავღანეთიდან რამდენიმე სპეციალური რეისი შესრულდა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ქაბულის აეროპორტს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს. პენტაგონში გაკეთებული განცხადების მიხედვით მომდევნო დღეებში ამერიკა ევაკუაციის პროცესს დააჩქარებს და ავღანეთიდან დღეში 9000-მდე ადამიანის ევაკუაციას შეძლებს.