ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები ავღანელი ქალებისთვის სპეციალური ვიზის შექმნას ითხოვენ 


ამერიკელი სენატორები ბაიდენის მთავრობას ავღანელი ქალების დახმარებისკენ მოუწოდებენ. 46 სენატორის მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროული დახმარება უნდა აღმოუჩინოს ავღანელ ლიდერ ქალებს და უნდა შემუშავდეს სპეციალური სავიზო პოლიტიკა.

„ჩვენ მოგიწოდებთ შექმნათ ჰუმანიტარული ვიზის კატეგორია სპეციალურად ლიდერი ქალებისთვის, აქტივისტებისთვის, უფლებადამცველებისთვის, მოსამართლეებისთვის, დეპუტატებისათვის, ჟურნალისტებისათვის და ავღანეთის სპეცრაზმის ქალთა ტაქტიკური ოცეულის წევრთათვის,“- წერია სენატორების წერილში რომელიც სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებს გადაეგზავნათ.


სენატორებს მიაჩნიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურში უნდა დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს და ამგვარ პროცედურებს გაუწევს კოორდინაციას.

ამერიკელი სენატორების მიმართვაში აღნიშნულია, რომ მთავარი პრიორიტერი ავღანეთიდან ამერიკის მოქალაქეებისა და დიპლომატების ევაკუაციაა. თუმცა მკაფიოდ არის ნათქვამი ისიც, რომ ამის შემდეგ ამერიკამ დროულად უნდა მოახერხოს როგორც წლების განმავლობაში ამერიკული ძალების დამხმარე თარჯიმნებისა და მათი ოჯახის წევრების, ისე - ავღანელი ლიდერი ქალების ევაკუაცია.

„ამერიკის საელჩოს პერსონალისა და ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, უნდა გაიცეს მკაფიო მითითებები, რომლითაც ავღანელი ლიდერი ქალების დახმარებას შევძლებთ და მათივე სურვილის შემთხვევაში უსაფრთხო ტერიტორიაზე გავიყვანთ,“-ნათქვამია სენატორების მიმართვაში.

ამერიკელი სენატორები ასევე ამბობენ, რომ პირველ ყოვლისა, იმ ქალების დახმარებაა საჭირო, რომლებიც ამჟამად თალიბანის მთავარი სამიზნეეები არიან. საუბარია მასწავლებლებზე, მოსამართლეებზე, ჟურნალისტებზე და სხვა სფეროებში დასაქმებულ ქალებზე. ამერიკელი კანონმდებლების წერილში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ავღანეთში ქალებზე ძალადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენ ავღანეთიდან რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას მუქარის, გატაცების, წამებისა და მკვლელობის შესახებ ეს დაუშვებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლტოლვილთა მიღების პროგრამა დაუყოვნებლივ უნდა გაფართოვდეს და მასში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შეყვანა,“- წერენ სენატორები.

სენატორების ეს ორპარტიული წერილი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. მასზე პასუხად ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა არც სახელმწიფო დეპარტამენტში და არც - პენტაგონში. თავდაცვის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საევაკუაციო პროცესი ავღანეთში 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

„მისიის მიზნია საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, ასევე იმ ავღანელების ევაკუაცია, რომელთა დახმარებაც ჩვენ შეგვიძლია. დროში გაწერილი გეგმის მიხედვით, ეს მისია 31 აგვისტომდე უნდა შესრულდეს. ეს არის ვადები, რაც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა.“ - აცხადებს ჯონ კირბი, პენტაგონის პრეს-სპიკერი.

მიმდინარე ოპერაციების ხელმძღვანელის, გაერთიანებული შტაბის გენერალ-მაირის ჰენკ ტეილორის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის არიან ამერიკისა და ავღანეთის მოქალაქეები. ორშაბათ საღამოს მონაცემებით, პენტაგონის ინფორმაციით, 2000 სამოქალაქო პირი იყო ევაკუირებული.

ამერიკაში უკვე ევაკუირებულია ან ევაკუაციისთვის ემზადებიან ის ავღანელებიც, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს ავღანეთში სხვადასხვაგვარად ეხმარებოდნენ.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას იმ ავღანელების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და გვერდით დაუდგნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს გასული ორი ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში. ჩვენი ვალდებულებაა მათ უპირობოდ დავუჭიროთ მხარი და მივცეთ საშუალება იცხოვრონ უსაფრთხოდ,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც 46 სენატორი აწერს ხელს როგორც დემოკრატიული ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

ავღანეთში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში გართულდა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა, ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების სამხედროებმა ქვეყანა თითქმის სრულად დატოვეს, თალიბანმა ეტაპობრივად აიღო ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქი. სამი დღის წინ კი თალიბანმა კონტროლი მოიპოვა დედაქალაქ ქაბულზე, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

ავღანეთში ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წასვლას ცდილობს. ორშაბათს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში სასოწარკვეთილი მოქალაქეებისა და ქაოტური ვითარების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში მრავლად გავრცელდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ამერიკელმა სამხედროებმა აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტეს და რადგან ავღანეთის ხელისუფლების შესაბამისი უწყებები და აეროპორტის უსაფრთხოების ავღანელი თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებიან, პენტაგონის ინფორმაციით, ახლა საჰაერო გადაადგილების კონტროლის სისტემასაც ამერიკელები მართავენ. აეროპორტში ფრენები ადგილობრივი დროით, სამშაბათს დილით აღდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG