ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა


"მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის," - ასე დაიწყო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მისი თქმით სახელმწიფო დეპატრამენტი და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ავღანეთიდან ამერიკელი დიპლომატების, საელჩოს თანამშრომლების და ზოგადად, ამერიკის მოქლაქეების უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდეს.

"მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი პრიორიტეტია ავღანეთში, ჩვენი ელჩის, დიპლომატების, ამერიკის მოქლაქეებისა და საელჩოს ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება. ისინი უკვე გადაყვანილები არიან აეროპორტში დაცულ ადგილზე. თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობს რათა შექმნას უსაფრთხო გარემო მათთვის, რაც შესაძლებელს გახდის სამშობლოში მათ მშვიდ დაბრუნებას სამხედრო თვითმფრინავებით. ვითაება ავღანეთში სწრაფად იცვლება, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებთან და ჩვენ მათ მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს მოძებნონ თავშესაფარი და არ გადაადგილდნენ აეროპორტისკენ სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ მითითებამდე," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავღანეთიდან მოხდეს იმ პირების დროული ევაკუაცია, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს დახმარებას უწევდნენ.

"ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ავღანელის დასახმარებლად, რომლებიც წლების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ ამერიკელ სამხედროებს. ვეძებთ გზებს თუ როგორ და სად შეიძლება მოხდეს მათი დროებითი ევაკუაცია, სანამ მათი სავიზო განაცხადების განხილვა მოხდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან," - განაცხადა ნედ პრაისმა.

პრაისმა აღინიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბოლო 24 საათის განმავლობაში არაერთი ქვეყნის, მათ შორის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, ავსტრალიის ოფიციალურ პირებს ესაუბრა. როგორც მან თქვა მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო საკითხი ავღანეთში შექმნილი ვითარება და გამოსავლის გზებია.

პრაისმა ასევე თქვა, რომ ავღანეთში პროცესები მნიშვნელოვნად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყანა მოქმედმა პრეზიდენტმა დატოვა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს გარკვეული სახის კომუნიკაცია თალიბანთან თუმცა არა მოლაპარაკებები.

დასმულ კითხვაზე აღიარებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები თალიბანს როგორც ახალ ხელისუფლებას, პრაისმა პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამერიკა აკვირდება ვითარებას ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო. აქვე პრაისი აცხადებს, რომ ამერიკა არასდროს აღიარებს ისეთ მთავრობას, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ამ დროისთვის ქაბულში ამერიკის საელჩო სრულად არის ევაკუირებული და თანამშრომლები უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამდე ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. ჯო ბაიდენმა ამერიკის მოქალაქეებს და საერთშორისო თანამეგობრობას მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა "სწორი გადაწყვეტილება იყო."

"ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ 20 წლიან ომში. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო... ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით კი, ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროებით მთავარი მიზანი ამერიკელი დიპლომატებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნებაა.

ავღანეთში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ გართულდა რაც ქვეყნის დატოვება ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს. ვითარება ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში შეიცვალა, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქზე კონტროლი აიღო. მანამდე ქაბული ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა. ამ დროისთვის დედაქალაქშიც და ქვეყანაშიც, ვითარებას თალიბანი აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG