რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ავღანეთის ლეგიტიმურ ლიდერად თალიბანის აღიარებას არ ჩქარობს და ქვეყანაში ინკლუზიური მთავრობის შექმნის მომხრეა, რომელიც ყველა ეთნიკურ ჯგუფს გააერთიანებს.
"ჩვენ ვხედავთ გამამხნევებელ ნიშნებს თალიბანის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ სურთ მთავრობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული. თუმცა ჯერ ნაადრევი იქნება იმის თქმა, თუ რა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ ჩვენ ცალმხრივად", - უთხრა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს.
ლავროვმა ავღანეთში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ქვეყნის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია" ქაბულში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში რუსეთის ელჩ დმიტრი ჟირნოვსა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია, რუსეთი ისლამისტურ დაჯგუფებას ლეგიტიმურ მმართველად ჯერ არ აღიარებს, თუმცა კრემლი მასთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს. რუსეთმა ავღანეთის კონტროლი წლების წინ ვერც თავად შეძლო და საბჭოთა კავშირის ძალებმა ქვეყანა 1989 წელს დატოვა.
რუსეთის ელჩმა კი ორშაბათს თალიბანის ქმედებები შეაქო და თქვა, რომ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული, მმართველობის პირველ 24 საათში ქაბული უფრო უსაფრთხო ქალაქი გახადა, ვიდრე ის ყოფილი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო. "ეხო მასკვისთან" საუბარში ელჩმა ჟირნოვმა თქვა, რომ მასზე თალიბანის ქმედებებმა შთაბეჭდილება მოახდინა და ჯგუფის მიდგომა დაახასიათა, როგორც "კარგი, დადებითი და საქმიანი".
"სიტუაცია არის მშვიდობიანი, კარგი და ქალაქში ყველაფერი დამშვიდდა. სიტუაცია ქაბულში ახლა, თალიბანის მმართველობის ქვეშ უკეთესია, ვიდრე ის პრეზიდენტ აშრაფ ღანის დროს იყო", - თქვა ჟირნოვმა. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა კვირას დატოვა და თქვა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილება სურდა.
რუსულმა მხარემ ისიც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად გაკვირვებული დარჩა იმ სისწრაფით, რომლითაც თალიბანმა ქვეყანაზე კონტროლის მოპოვება შეძლო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამერიკის ძალები მოქალაქეთა ევაკუაციას ცდილობდნენ.
"გუშინ რეჟიმი ბანქოს სახლივით დაეცა. იყო უწესრიგობის შეგრძნება, ძალაუფლების ვაკუუმი და ქუჩებში ე.წ. მოროდიორებიც გამოჩნდნენ"., - ამბობს ჟირნოვი. მისივე თქმით, დედაქალაქში თავდაპირველად თალიბანის შეუიარაღებელ წევრთა დანაყოფები შევიდა და სამთავრობო და ამერიკულ ძალებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. შეიარაღებული ჯგუფები კი ქალაქში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ღანიმ ქვეყანა დატოვა. ჟირნოვი აცხადებს, რომ თალიბანი რუსეთის საელჩოს პერიმეტრზე უსაფრთხოებასაც აკონტროლებს. საელჩოში 100-ზე მეტი თანამშრომელია და ელჩის თქმით, მათ უსაფრთხოებაზე საუბარი კვლავ გაგრძელდება.
მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ავღანეთიდან დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და საელჩოს სხვა თანამშრომლების ევაკუაცის ცდილობს, რუსეთისა და ჩინეთის საელჩოები ღია რჩება და ქაბულში ფუნქციონირებას განაგრძობს.