ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში საევაკუაციო ფრენები გრძელდება. ათასობით ადამიანი კვლავ ქვეყნის დატოვებას ცდილობს, მათ შორის დიპლომატებიც და სამოქალაქო პირებიც.
სტეფანო პონტეკორვომ, ნატოს უმაღლესმა სამოქალაქო წარმომადგენელმა ავღანეთში, აეროპორტში გადაღებული ფოტო "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. ფოტოზე რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი ჩანს, პონტეკორვო წერს, რომ თვითმფრინავებს ხედავს, რომლებიც ეშვებიან და მიფრინავენ.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ფლორენს პარლი ამბობს, რომ პირველი ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეების ევაკუაცია შეძლო, ღამით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაეშვა. მისი განცხადებით, ქვეყანა სხვა ფრენების განსახორციელებლადაც ემზადება.
საელჩოს ევაკუაცია განახორციელა ინდოეთმაც და 140 საკუთარი მოქალაქე, მათ შორის დიპლომატები, თანამშრომლები და უსაფრთხოების პერსონალი, რომელიც ქვეყანაში იმყოფებოდა, სამშაბათს სამშობლოში სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით დააბრუნა.
ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ აეროპორტში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ხალხში სხვადასხვა დროს ისროლა, ორივე მათგანი ამერიკელმა სამხედროებმა "რეალური საფრთხის" გამო მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სპიკერმა კონ კირბიმ განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმას" ისიც უთხრა, რომ ამერიკული თვითმფრინავის აფრენისას რამდენიმე სამოქალაქო პირის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები ამჟამად გამოძიების საგანია.
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ორშაბათ საღამოს ერის წინაშე წარდგა და თქვა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ავღანეთის დატოვების შესახებ, ყოველთვის დაიცავს. ეს მისი პირველი საჯარო განცხადება იყო მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ქაბულზე კონტროლი დაამყარა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი სამხედროები ვერ და არ უნდა იბრძოდნენ და არ უნდა კვდებოდნენ იმ ომში, რომელში ბრძოლის სურვილიც თავად ავღანელ სამხედროებს არ აქვთ.