ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საევაკუაციო მისია 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს" - პენტაგონის სპიკერი ქაბულის შესახებ


ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრეს-კონფერენციის დასრულებისთანავე, საგანგებო პრეს-კონფერენცია გაიმართა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტშიც.

ჟურნალისტების შეკითხვებს პენტაგონის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი და გენერალაური შტაბის წარმომადგენელი გენრალ მაიორი ჰენკ ტეილორი პასუხობდნენ.

თავდაცვის უწყების პრესმდივანი განმარტავს, რომ ახლა მთავარი მისია, ევაკუაციის სწრაფი და უსაფრტხო დასრულებაა. ამისთვის დრო 31 აგვისტომდეა განსაზღვრული.

„მისიის მიზნია საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, ასევე იმ ავღანელების ევაკუაცია, რომელთა დახმარება ჩვენ შეგვიძლია. დროში გაწერილი გეგმის მიხედვით, ეს მისია 31 აგვისტომდე უნდა შესრულდეს. ეს არის ვადები, რაც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა“, - აცხადებს კირბი.

მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი თალიბანის მებრძოლებმა დაამყარეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები ავღანეთის დატოვებას ცდილობდნენ. ამერიკა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქაბულის აეროპორტში კიდევ 1000 სამხედროს აგზავნის.

პენტაგონის წარმომადგენლებისთვის დასმული კითხვების ძირითადი ნაწილი ამერიკის ჯარების მიერ ავღანეთის დატოვების პროცესში შესაძლო დაშვებულ შეცდომებს, არასაკმარის სადაზვერვო ინფორმაციასა და შეუსაბამო დაგეგმვას შეეხებოდა. იყო თუ არა აეროპორტში განვითარებული მოვლენები და ქაბულის სწრაფი დაცემა დაზვერვის მცდარი ან არასკმარისი ინფორმაციის ბრალი?

"ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა პენტაგონი, ამერიკული თვითმფრინავის C-17-ის აფრენისას რამდენიმე სამოქალაქო პირის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებას, თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ მას ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა არ გაუკვირდება, თუ შესაბამისი პირები ამ საქმეს შეისწავლიან და მოგვიანებით მეტი იქნება ცნობილი იმის შესახებ თუ რა მოხდა, ან რა შეიძლება იყოს გათვალისწინებული მომავალში.

შეკითხვა დაისვა იმის შესახებაც, იყო თუ არა დაგვიანებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამხედროები დაბრუნებულიყვნენ და ჩართულიყვნენ ამ პროცესში. ჯონ კირბის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები, მათ შორის, საზღვაო ქვეითები, რომლებიც ქაბულისკენ დაიძრნენ, ადგილზე გადაიყვანეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და ეს ყველაფერი იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც ჯარებს მათი დაგეგმილი გამოყვანის ფარგლებში ეკავათ. ეს პოზიციონირება კი სწორედ იმიტომ იყო ასეთი, რომ ეს მეზღვაურები საჭიროების შემთხვევაში ჩართულიყვნენ პროცესში.

ჯონ კირბის ასევე მოუხდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე, რატომ ახორციელებდნენ ავღანეთის ჯარების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ორჯერ უფრო მეტ საჰაერო თავდასხმას თალიბანის წინააღმდეგ, ვიდრე ამერიკული ძალები და რატომ არ შეეძლო ამერიკას მეტი საჰაერო იერიშის მიტანა.

პენტაგონის პრეს-სპიკერის განმარტებით, ამერიკული ძალების გამოყვანა ეტაპობრივად ხდებოდა და ბოლო ეტაპზე ადგილზე ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მცირდებოდა საჰაერო ხომალდების და სხვა რესურსების რაოდენობა, მთლიანაობაში კი თავდასხმების შესაძლებლობაც. ამასთან, ბოლო პერიოდში, ავღანელები თითქმის სრულად და პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში თავად ლიდერობდნენ საჰაერო იერიშებს.

„ჩვენ გულწრფელად ვამბობდით, რომ ავღანეთის ძალების საჰაერო მხარდაჭერა იქნებოდა მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი ყოველდღე და ყველგან. ავღანეთის ძალები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თითქმის ყველა ასეთი ოპერაციის სათავეში თავად იდგნენ და რადგან ისინი ადგილზე იყვნენ, ისინი ამას ჩვენზე სწრაფადაც ახერხებდნენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG