რამდენიმე კვირის შემდეგ ამერიკელ სამხედროებს ავღანეთი სრულად უნდა დაეტოვებინათ, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო შეერთებული შტატების უმაღლესი სარდლობა ქვეყანაში ასობით სამხედროს აგზავნის. მიზანი კი მათი განცხადებით, ამერიკელი დიპლომატებისა და ავღანელი მოკავშირეების ევაკუაციაა. ქაბულს უკვე დაჯგუფება თალიბანი აკონტროლებს.
თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმას" კვირა საღამოს დაუდასტურა, რომ 82-ე ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის 1000-მდე ჯარისკაცი ქაბულის აეროპორტში მიემგზავრებოდა, საიდანაც ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები, მოქალაქეები და ავღანელები თალიბანს გაურბიან.
სამხედრო დანაყოფი ქაბულში ქუვეთიდან დაბრუნდა, საიდანაც ისინი თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მოვლენების განვითარებას უნდა დაკვირვებოდნენ. აქვეა 3 000-მდე მეზღვაური და ქვეითი, რომლებმაც ქაბულში დაბრუნება პარასკევს დაიწყეს. 1000-მდე ამერიკელ ჯარისკაცს კი ავღანეთი ამ დროისთვის არ ჰქონდა დატოვებული.
ამ დროისთვის ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 6000-ს აღწევს. ეს თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე მაისში მაშინ, როდესაც ჯარებოს ოფიციალური გამოყვანა დაიწყო.
თავდაპირველად ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები აეროპორტსა და ქაბულში ქვეყნის საელჩო მტკიცედ აკონტროლებდა, თუმცა ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში, აეროპორტი თავდასხმის სამიზნე გახდა.
კვირას საღამოს პენტაგონმა განაცხადა, რომ მათ საჰერო კონტროლის სისტემაზე მოიპოვეს კონტროლი და ახლა ავღანელი მოკავშირეების დახმარებას შეძლებდნენ. კომერციული ფრენები კი შეფერხებებით, მაგრამ მაინც განხორციელდებოდა. პენტაგონის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ასობით ამერიკელი უკვე ევაკუირებულია. გრძელდება თალიბანისგან განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მცდელობაც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა კვირა საღამოს თქვა, რომ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია დასრულებულია.
კირბიმ კი ასევე თქვა, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც მისიას დაემუქრება, ამერიკის მხრიდან სერიოზულად იქნება აღქმული და ამერიკელებზე ან მათ ოპერაციაზე იერიშის მიტანას ძალისმიერი პასუხი მოჰყვება.
Facebook Forum