ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე მყოფი საქართველოს 23 მოქალაქე, ყოფილი სამხედრო პირები, რომლებიც კანადის და აშშ-ს კერძო კომპანიების კონტრაქტორები არიან, ქაბულის აეროპორტამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ამის გამო მათ ვერ შეძლეს გუშინ, უკრაინის მთავრობის მიერ დაქირავებული Boeing 737-5Q8-ით, რომელიც ავღანური ავიაკომპანია Kam Air-ის ბორტია, ქაბულიდან გამოფრენა.
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილიალექსანდრე ხვთისიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება და საქართველოში ჩამოყვანა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დღის ორი საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი“ - გამაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
Kam Air-ის „ბოინგი“, რომელმაც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეების გარდა, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსის და ავღანეთის 80-მდე მოქალაქე გამოიყვანა, გამთენისას საწვავის შესავსებად თბილისის აეროპორტში დაჯდა და შემდეგ, კიევის ბორისპოლის აეროპორტში გაფრინდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ რეისის გარდა, ქაბულში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ კიდევ სამი რეისით სარგებლობა, რომლებიც 15-16 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქიდან გამოფრინდა, თუმცა, მათ აეროპორტამდე მისვლა ვერც ამ შემთხვევაში შეძლეს.
ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან კერძო კონტრაქტორები, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედროები, 17 მათგანი დასაქმებულია კანადურ კერძო სამხედრო კომპანიაში, 6 მათგანი კი კერძო ამერიკულ კერძო სამხედრო კომპანია GardaWorld-ში.
კონტრაქტის მიხედვით, დამსაქმებელს წინასწარ უნდა ჰქონოდა, წითელი ზონიდან პერსონალის ევაკუაციის გეგმა, თუმცა ქაბულზე „თალიბანის“ ელვისებური იერიშის გამო, რის გამოც "მწვანე ზონაში" მოქმედი საელჩოების დროული ევაკუაცია ვერ მოხდა, ამ გეგმამ როგორც ჩანს არ იმუშავა.
ამჟამად, საქართველოს მოქალაქეები, ქაბულის აეროპორტიდან 2 კმ-ის მოშორებით, სამხედრო ბაზაზე არიან გამაგრებულნი. ქართველების გარდა, ამ ბაზაზე კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები რჩებიან და ევაკუაციას ელოდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთთან მართავს მოლაპარაკებას, რომ თურქმა სამხედროებმა აღნიშნული ბაზიდან 23 ქართველი ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი ავტომანქანებით გადაიყვანონ.
თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ ისინი დაგვეხმარებიან, ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ჩვენს მოქალაქეებს. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია
"თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ ისინი დაგვეხმარებიან და ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ჩვენს მოქალაქეებს. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვთისიაშვილმა.
მოძრაობა „თალიბანმა“ 15 აგვისტოს ქაბულზე და მთელ ავღანეთზე დაამყარა კონტროლი, მანამდე ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მთავრობის წევრები მეზობელ ტაჯიკეთში გაიქცნე. ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ავღანეთში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.
აეროპორტის ტერიტორიაზე თურქეთის და აზერბაიჯანის სამხედროების გარდა, ასევე იმყოფებიან აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მებრძოლების, რომლებიც ავღანეთში პარტნიორი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.
ბოლო ინფორმაციით, აეროპორტი "თალიბანის" მიერ მუდმივად იბომბება და ტერიტორიაზე სრული ქაოსია. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ქაბულის აეროპორტის გავლით ავღანეთის დატოვებას ის ავღანელებიც ცდილობენ, რომლებსაც „თალიბანის“ წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდნენ და ახლა უეჭველი სიკვდილი ელით.
Facebook Forum