თალიბები ავღანეთს 1996 წლიდან 2001 წლამდე მართავდნენ. მათი მმართველობის დროს, ქვეყანაში მკაცრი ისლამური კანონები დაწესდა.
გაეცანით რამდენიმე ფაქტს თალიბანის მრწამსისა და ისტორიის შესახებ:
როგორ ჩამოყალიბდა თალიბანი?
1990-იან წლებში, ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ, თალიბანი ერთ-ერთი იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომში იბრძოდნენ. დაჯგუფება 1994 წელს ავღანეთის ქალაქ ყანდაარში შეიქმნა. დამფუძნებელი ადგილობრივი იმამი, მულა მუჰამედ ომარი იყო. ის მებრძოლებს 2013 წლამდე, გარდაცვალებამდე მეთაურობდა.
რა აკავშირებდათ აშშ-თან?
თავდაპირველად, თალიბანმა საკუთარ რიგებში ავღანური წინააღმდეგობის წევრები, მოჯაჰედები მიიღო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერდა მხარს.
როგორ მოიპოვა თალიბანმა ძალაუფლება?
1989 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლისა და ავღანეთის მთავრობის დაშლის შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო. წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, თალიბანმა მხარდაჭერა მიიღო. 1994 წელს, დაჯგუფებამ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქი ყანდაარი აიღო. 1996 წელს, მათ ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული დაიკავეს.
რისი სწამს თალიბანს?
თალიბების მმართველობის პრინციპები, ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. მათი მმარტველობისას საჯაროდ სიკვდილით დასჯა ხშირად ხდებოდა. ქალებს განათლების მიღება და მუშაობა ეკრძალებოდათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეტარებინათ ბურქა, რომელიც სრულად ფარავს მათ სხეულს. მმართველობის დროს, თალიბანმა აკრძალა დასავლური ფილმები და წიგნები, გაანადგურა განსხვაბებული ტარდიციისა და კულტურის ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები და სხვადასხვა ნიმუშები. მათ შორის ბუდას 1 500 წლის, გიგანტური ქანდაკება, ბამიანის პროვინციაში.
რა კავშირია თალიბანსა და ალ-ყაიდას შორის?
თალიბანმა უზრუნველყო დაჯგუფება ალ-ყაიდას მებრძოლთა ჯგუფის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელსაც მაშინ ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. ალ-ყაიდამ ტერაქტებისთვის მოსამზადებლად, ავღანეთში სასწავლო ბანაკები შექმნა. სწორედ ამ ბანაკებში ამზადებდნენ ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში აწყობდნენ, მათ შორის აშშ-ში - 2001 წელს 11 სექტემბერს. ამერიკული მხარე თალიბანს ამ თავდასმის ორგანიზების უმთავრესი ეჭვმიტანილების, ოსამა ბინ ლადენისა და მისი გარემოცვისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა.
როგორ დაკარგეს ძალაუფლება?
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავღანეთში შევიდნენ. დეკემბრის დასაწყისში, თალიბანის მთავრობა დაეცა და ამერიკამ ავღანელებთან ერთად, დემოკრატიული მთავრობის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა.
რა მოხდა შემდეგ?
დამარცხების შემდეგ, თალიბანის ლიდერები ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში გაიქცნენ და გამაგრდნენ. შეიარაღებული დაჯგუფება აშშ-ის მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ არაერთ თავდასხმას აწყობდა. მათ შორის ხელნაკეთი ბომბებითა და თვითმკვლელი თავდამსხმელების გამოყენებით.
გასულ წელს, აშშ-ის მთავრობამ, თალიბანთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, დადგინდა ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის ვადები - თალიბანის მიერ ამერიკელებზე თავდასხმების დასრულებისა და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების სანაცვლოდ. თუმცა, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წარუმატებლად დასრულდა.
რომელი ქვეყნები აღიარებს თალიბანს?
1996-2001 წლებში, თალიბანის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის - პაკისტანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობა ავღანეთთან ახალ რეალობაში - აღიარებს თუ არა ქვეყნების უმეტესობა თალიბანის ახალ მთავრობას.