ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთს აგენტის" კანონს, "ქართული ოცნება" კრიტიკული აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო, შაბათს კი, პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. პოლიტიკის მეცნიერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონი, რუსულ მოდელზეა დაფუძნებული, საქართველოს დასავლეთისგან აშორებს და მოსკოვთან აახლოვებს.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის ხმის ჟურნალისტთან, ქართლოს შარაშენიძესთან ინტერვიუში ფუკუიამა განიხილავს, როგორ აკავშირებს "უცხოეთის აგნეტის" კანონი საქართველოს, უფრო მჭიდროდ, მოსკოვთან და რა პოტენციური შედეგები დადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, თუ ეს კანონი ამოქმედდება. ასევე, რა რეგიონულ კონტექსტს ქმნის, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ვინ სარგებლობს ამით.
ამერიკის ხმა: პროფესორო ფუკუიამა, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონი. ხელისუფლება მას გამჭვირვალობის კანონს უწოდებს. ამის გათვალისწინებით, სად დგას საქართველო ახლა და სად ხედავთ მის მომავალს?
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა: ვფიქრობ, საით მიდის საქმე, ამაზე მეტყველებს ის, რაც გასულ კვირას მოხდა, როდესაც რეჟიმის მოკავშირეებმა, უკვე დაიწყეს დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა. ისინი არ დაელოდნენ კანონის საბოლოო მიღებას და დაშინების კამპანია დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არ არის უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება, არამედ რუსეთის კანონის მსგავსად, ის გამოყენებული იქნება ოპოზიციის წევრების დასარბევად.
ამერიკის ხმა: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სადამსჯელო ოპერაციებზე საუბრობენ. დემონსტრაციები კი გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რეპრესიულ ტაქტიკას მიმართავს?
ასევე ნახეთ: "უცხოეთის აგენტის" კანონი - ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირების რეაქციები და უფლებადამცველების შეფასებებიფუკუიამა: ვფიქრობ, დემონსტრანტების წინააღმდეგ მეტ ძალას გამოიყენებენ. მინდა ერთი რამ ცხადად ვთქვა - რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, მსგავსი კანონები აქვთ, რომლებიც უცხოური დაფინანსების შესახებ გამჭვირვალობას მოითხოვს და, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას. ვფიქრობ ეს უადგილო „ვოთებაუთიზმის“, [კონტრ ბრალდებების წაყენების ტაქტიკის] გამოყენების შემთხვევაა. ჩემი აზრით, ამ თავდაცვას მოსკოვის მომხრეები იყენებენ. განსხვავება ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ დემოკრატიებს, მოგეხსენებათ, მართავენ ელიტები, რომლებიც საიმედოდ პროდემოკრატიულები არიან. ჩვენ, შეერთებულ შტატებში, არ ვცდილობთ დავხუროთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საგარეო კავშირები აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მთავრობისგან დამოუკიდებელნი არიან. ვფიქრობ, საქართველოში ამ კანონის ნამდვილი მოდელი ისაა, რაც რუსეთში მიიღეს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ნებისმიერი წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად გამოიყენეს. დასავლურ დემოკრატიებსა და ყალბ დემოკრატიებში ამ კანონის მიღება [ერთმანეთთან] არ დარდება. ისინი ამბობენ, რომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგი და მათ უბრალოდ გამჭვირვალობა სურთ. რაც მათ ნამდვილად უნდათ, არის სამართლებრივი მექანიზმი ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჯერ რუსეთში და ახლა საქართველოში.
ამერიკის ხმა: ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ამ კანონის საბოლოოდ მიღება, ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და მძიმედ აზარალებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბევრს არ ესმის, რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. თქვენს სტატიაში, ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება. როგორ ფიქრობთ, რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?
ფუკუიამა: „ქართულ ოცნებას“ სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს.
ასევე ნახეთ: ამერიკელი სენატორების და საერთაშორისო უფლებადამცველების შეფასებებიამერიკის ხმა: რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად სწრაფად უნდა იმოქმედონ. რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს, საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად?
ფუკუიამა: ვფიქრობ, ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, მიზანმიმართული სანქციების დაწესებაა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან. ვფიქრობ ეს იქნება ბევრად ეფექტიანი გზა, სანქციების უფრო შეზღუდული, მაგრამ მიზანმიმართული გამოყენებისთვის.
ამერიკის ხმა: შესაძლო სანქციების შესახებ განცხადებები, ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირებისგან. თუმცა, ზოგიერთ დამკვირვებელს აქვს მოლოდინი, რომ თუ ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს, ამას „ქართული ოცნება“ ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოიყენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა, რომ სანქციები თავად ამერიკის რეპუტაციას დააზიანებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს სანქციები ამ შემთხვევაში, რა შედეგები შეიძლება დადგეს?
ფუკუიამა: საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის წინააღმდეგ დემონსტრანტთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს, უფრო ახლოს იყოს აშშ-სთან. და არა მგონია, მიზნობრივი სანქციების არსებობამ ეს ადამიანები დააბრკოლოს. სანქციები მოსახლეობას რომ დაუწესდეს, ვთქვათ, უვიზო მიმოსვლის ყველასთვის შეწყვეტით, ამან შესაძლოა გარკვეული წინააღმდეგობა შექმნას. მაგრამ, ვფიქრობ, მიზანმიმართული სანქციები, რეალურად მხარდაჭერას მოიპოვებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გამო.
ამერიკის ხმა: პროფესორო ფუკუიამა, თქვენ ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ვის შეიძლება განიხილავდეს მმართველი პარტია საქართველოს პარტნიორად, თუ არა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს?
ფუკუიამა: ცხადია, მოსკოვს. ვფიქრობ, ეს არის დაშვება, რასაც ყველა აკეთებს, რომ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსკოვს თანაუგრძნობდნენ, მაგრამ მათ ამ ფაქტის დამალვა მოუწიათ, რადგან [საქართველოს მოსახლეობაში] ევროკავშირთან გაერთიანებისადმი ამგვარი აბსოლუტური მხარდაჭერა არსებობს. მაგრამ, ამის შესახებ, ახლა ისინი ცოტა უფრო მკაფიო ხდებიან.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში: "გაიწვიეთ ეს კანონი"ამერიკის ხმა: როგორ ხედავთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში. რა რეალობას ქმნის ეს რეგიონში?
ფუკუიამა: ბრძოლა მიმდინარეობს ავტორიტარულ მთავრობებს, რომლებსაც წარმოადგენენ მოსკოვი, ჩინეთი, ირანი, სირია და ა.შ და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. და მე ვფიქრობ, ეს ყოველთვის უყო უკრაინის ომის უფრო ფართო მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ვფიქრობ, პირველი გასრულა საქართველო იყო, 2008 წელს - ეს იყო რუსეთის პირველი მცდელობა, დაეწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გაერთიანება. შემდეგი ეტაპი კი, 2014 წელს, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია იყო. შემდეგ კი - სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ვფიქრობ, რაც უფრო წარმატებული იქნება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო დაუცველი გახდება ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა. და ეს მოიცავს საქართველოს, ყაზახეთს, მოლდოვას. ვფიქრობ, ალბათ ეს არის სამი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტადაა რისკის ქვეშ. და ვფიქრობ ეს არის ვლადიმირ პუტინის უფრო დიდი გეგმა - ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტად გაერთიანების მიზნით.
ამერიკის ხმა: თქვენ ახსენეთ ჩინეთი, რომელიც გასული წლიდან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. პეკინთან ამ პარტნიორობის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ გააკრიტიკა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ამერიკასაც ისეთივე პარტნიორობა ჰქონდეს საქართველოსთან, როგორიც ჩინეთს აქვს. ცნობილია, რომ ჩინეთს გაცხადებული ინტერესები აქვს საქართველოში, მათ შორის, შავ ზღვაში პორტების მიმართ. ხედავთ ჩინეთის ინტერესს და სარგებელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში?
ფუკუიამა: ჩინეთი ფიქრობს, რომ ის გლობალურ ბრძოლაშია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ასუსტებს დასავლეთს, მათთვის სასარგებლო იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ინტერესები საქართველოს პორტში ან რაიმე მსგავსი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის რეალური საკითხია ის, რომ ეს არის გზა, რათა [ზოგადად] დემოკრატია სუსტად გამოიყურებოდეს. თუ რუსეთი გააფართოებს თავის გავლენას საქართველოში, ეს აშშ-ს, ევროპას, სუსტად წარმოაჩენს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ჩინეთის ფუნდამენტური ინტერესია.
ასევე ნახეთ: კორტნი: "ივანიშვილი, საქართველოს მომავალში ხედავს, როგორც კიდევ უფრო მეტად ავტორიტარულ ქვეყანას"ამერიკის ხმა: ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედება, მათ აიძულებთ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალონ და პირდაპირ დახმარებას გადახედონ. თუ ასე მოხდება, რა რეალობას შექმნის ეს საქართველოსთვის?
ფუკუიამა: მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. ვფიქრობ, ადმინისტრაციის ყურადღება ბევრ სხვა რამეზეა მიმართული, რაც მსოფლიოში ხდება - უკრაინის ომი, ომი ღაზაში, მოახლოებული არჩევნები. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმას, რაც საქართველოში ხდება, რადგან, საქართველო ძალიან პატარაა, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, რუსეთის უფრო ფართო გეგმის, რაც მისი გავლენის აღდგენას ისახავს მიზნად. ასე რომ, იმედი მაქვს, ისინი დაიწყებენ უფრო მკაცრი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერას და ნათლად გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რაც ხდება ან რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“.
ამერიკის ხმა: და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს მოვლენები, რამდენიმე თვით უსწრებს წინ საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავს. როგორ ხედავთ, ამ კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში, მის გავლენას არჩევნებზე? საარჩევნო პროცესებს, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდება, რომლებსაც ეს კანონმდებლობა, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად აცხადებს.
ფუკუიამა: დიახ, არჩევნებზე დამკვირვებლები მნიშვნელოვანია. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ისაა, საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა იმაზე უკეთ ითანამშრომლონ, ვიდრე აქამდე. მე ვფიქრობ, ეს არის სისუსტე ბევრ ლიბერალურ ოპოზიციაში, მთელ მსოფლიოში. ვგულისხმობ, უნგრეთში, თურქეთში, სხვაგანაც ასე იყო - ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთგვარ პრორუსულ ავტოკრატიულ პარტიას, ერთმანეთთან მუშაობა უჭირთ იმისთვის, რომ არჩევნების მოსაგებად და წინსვლის შესანარჩუნებლად, [საკუთარი] ძალები გააერთიანონ. და ვფიქრობ ასეა საქართველოშიც, სადაც ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. ასე რომ, იმედი მაქვს ისინი მზად არიან, არა მხოლოდ გააპროტესტონ ეს კანონპროექტი, არამედ ასევე გაერთიანდნენ ერთიან პლატფორმაზე მომავალი არჩევნებისთვის და ის, რის გაკეთებასაც ისინი ამ გზით შეძლებენ, გაცილებით მძლავრი იქნება.