ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართველ ხალხს არასდროს მივატოვებთ" - აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა


ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, ავრცელებს განცხადებას საქართველოში ე.წ. აგენტების ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის") კანონის მიღების შესახებ. შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

განცხადების მიხედვით, რომელსაც ამერიკელი სენატორი უდგას სათავეში, მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა "საგანგაშო და რეპრესიული" ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება დასავლური ინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს:

"ჩვენ, როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლები, გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა, ქართველებმა კი ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. "უცხოეთის აგენტის“ კანონი ასახავს პოლიტიკას ვლადიმირ პუტინისა, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას".

განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასა (ISFED)" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე (საია)". განცხადების თანახმად, ეს ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათივე თქმით, "აგენტების კანონი" ეწინააღმდეგება მათ ასეთ "ღირებულ ძალისხმევას" და ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე "პირდაპირ თავდასხმას".

"შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა ნამდვილ პატრიოტიზმს გამოხატავს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრით რუსეთს შეუერთდნენ.

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით.

არ დავაყოვნებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკ სამიზნედ ქცევაზე, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ქართველ ხალხს კი ვეუბნებით: 'თქვენ მარტო არ ხართ'", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა კანონპროექტის მიღებას სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობით ხსნის. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG