მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო, უარყოფითი შეფასებები არ წყდება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან.
“ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ველოდებით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონპროექტს სამშაბათს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი კარინ ჟან-პიერი.
მისი თქმით, მართალია, ჯერჯერობით უცნობია ეცდება თუ არა პარლამენტი შესაძლო ვეტოს დაძლევას, თუმცა ამერიკის მთავრობა განაგრძობს ამ კანონპროექტის შესახებ შეშფოთების ხმამაღლა გამოხატვას.
„ჩვენ ღიად გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამ კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებისგან, და არ დაგვავიწყდს - ნატოსგანაც", - თქვა კარინ ჟან-პიერმა და განმარტა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს თავის მოსააზრებას ამ კანონის წინააღმდეგ და როგორც ჟურნალისტებიც აშუქებენ ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება.
"გასულ უქმეებზე, ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში, ათობით და ასობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტის მონაწილეობით. მათ არ აჩერებთ დაშინების ტაქტიკა და განაგრძობენ მთავრობისთვის იმის თქმას, რომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონს, რადგან სურთ ევრო-ატლანტიკური მომავალი", - ამბობს ჟან-პიერი და აღნიშნავს, რომ თუკი ეს კანონპროექტი საბოლოოდ ამოქმედდება, ის "გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან".