ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატელი: ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა.

"ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი", - განაცხადა პატელმა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი.

"ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება", - თქვა სპიკერმა.

ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

"ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს", - თქვა პატელმა.

შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ თქვა, რომ როგორც ყოველთვის, ის ახლაც არ ისაუბრებს წინასწარ იმ ზომების შესახებ, რომელსაც შესაძლოა დეპარტამენტმა მიმართოს.

თუმცა, შესაძლო შეზღუდვების შესახებ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა. მისი თქმით, თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.

"თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG