ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო


ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.

დღეს პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს. სხდომა დასრულდა.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“.

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის კანონპროექტს. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს მას.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

კანონპორექტის მიღებამდე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად მონიშნული „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვა დაიწყო. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ არ არის რედაქციული შენიშვნები და ამიტომ, რამდენიმე წამში დაასრულა განხილვა.

„ხომ გაცადეთ რამდენიმე წამი და ვერაფერი თქვით“, - მიმართა ოპოზიციას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.

XS
SM
MD
LG